თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. 21 ივლისის საღამოსა და 22 ივლისის ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ და განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა (ზოგან ძლიერი), ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი, უწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია სააგენტოს ცნობაში.
რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდს, სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში კვლავ მაღალი ტემპერატურა და ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი.
25 ივლისამდე პერიოდში დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში პლუს 28-33 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში პლუს 33-38 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება თბილისს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 35-37 გრადუსს მიაღწევს.