ტრანსნაციონალურ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

Sputnik
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოში ნარკოტიკების გაყიდვის საერთაშორისო ქსელის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
გამოძიების ცნობით, საერთაშორისო დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელშიც შედიოდნენ საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მოქალაქეები, ქვეყანაში უკანონოდ შემოჰქონდა ნარკოტიკები, აფასოვებდა და ე.წ. ლოკაციებზე განთავსებით მათ რეალიზებას ახდენდა.
ძებნაში მყოფ სამ პირს, რომელთაც ბრალი ედებათ დანაშაულებრივი ქსელის ხელმძღვანელობაში, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, ქსელის ხელმძღვანელობაში ბრალდებული საქართველოში დაკავებული პირები კი, მათ შორის, ორი ქართველი ადვოკატი და თურქეთის მოქალაქე, განაჩენის გამოტანამდე პატიმრობაში დარჩებიან.
სასამართლოზე სიტყვის უფლებით მხოლოდ თურქეთის მოქალაქემ ისარგებლა, რომელმაც განაცხადა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ნარკოტიკებთან, ბრალდებულმა ბათუმელმა ადვოკატებმა კი დუმილის უფლება გამოიყენეს.
წინასასამართლო სხდომა 14 სექტემბერს ჩაინიშნა.
ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაული
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის მიერ ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემის გახსნისა და 22 პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 20 ივლისს გავრცელდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საზღვარგარეთიდან მთელ ქსელს სამი ადამიანი ხელმძღვანელობდა, რომელთანაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ საქართველოში მყოფ ხელმძღვანელებს – ორ ქართველ და ერთ თურქ პირს. სწორედ ისინი მუშაობდნენ ე.წ. „დამდებებთან“.
გამოძიებამ 16 ე.წ. „დამდები“ და 6 ხელმძღვანელი გამოავლინა.
გამოძიების ცნობით, 2021-2023 წლებში ქართულ ბანკებში გახსნილ ბრალდებულთა ანგარიშებზე ძირითადად სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებული თანხა – 15.233.071 ლარი, 2.577.004 დოლარი და 10.210 ევრო ჩაირიცხა.
საქართველოში ნარკომოვაჭრეთა საერთაშორისო ქსელი გამოავლინეს>>>
აღნიშნული თანხის (15.233.071 ლარი, 2.577.004 დოლარი) ნაწილი ჩაირიცხა უშუალოდ „დამდებების“ – საქართველოს 13 და თურქეთის სამი მოქალაქის საბანკო და ონლაინ-ტოტალიზატორების ანგარიშებზე.
პერიოდულად თანხის დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში კონვერტირდებოდა, დროის რაღაც მონაკვეთით ირიცხებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის სარგებლობაში არსებულ სხვა ანგარიშებზე და მხოლოდ ამის შემდეგ ორგანიზებულ ჯგუფთან დაკავშირებულ, მათ შორის, ხელმძღვანელი პირების სახელზე თურქულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე ირიცხებოდა. ზემოაღწერილი სქემით საზღვარგარეთ გადარიცხულია 2.039.542 დოლარი და 531.986 ფუნტი სტერლინგი.
თანხის ნაწილი ასევე კონვერტირდებოდა უცხოურ ვალუტაში, რომლის ბანკებსა და ბანკომატებში განაღდება ხორციელდებოდა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 2021-2023 წლებში დანაშაულებრივმა ჯგუფმა გაანაღდა 740.502 ლარი, 560.173 დოლარი და 162.124 ევრო. თანხის ნაწილს ამჟამად დაკავებული ადვოკატები სწრაფი ფულადი გზავნილების მეშვეობით საზღვარგარეთ გზავნიდნენ.
გარდა ამისა, დაჯგუფების წევრები პერიოდულად ახორციელებდნენ უძრავი ქონების და ავტომობილების შეძენას კვიპროსზე და თანხას რიცხავდნენ იმ იურიდიული პირების ანგარიშებზე, რომლებიც კვიპროსში უძრავი ქონებით და ავტომანქანებით ვაჭრობდნენ. აღნიშნული სქემით და დანიშნულებით ჯამში გადაირიცხა 5.126.491 თურქული ლირა, 67.257 ფუნტი სტერლინგი და 14.289 დოლარი.
გარდა ამისა, ორგანიზებულმა ჯგუფმა საქართველოში დააფუძნა რამდენიმე იურიდიული პირი. განაღდებული თანხის ნაწილი თავსდებოდა ერთ-ერთი შპს-ის ანგარიშზე როგორც ,,დამფუძნებლის შენატანი“, და უძრავი ქონების შესაძენად წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით სამშენებლო კომპანიის ანგარიშზე, რომელიც ბათუმში საცხოვრებელ კორპუსებს აშენებდა. ბათუმში სამი მშენებარე საცხოვრებელი ბინის შესაძენად სულ გადაირიცხა 110.314 ლარი. ამასთან, ბრალდებულებმა საქართველოში ორი ავტომობილი შეიძინეს.
საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს ყველა მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა.
გამოძიება სსკ-ის 260-ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 194-ე მუხლებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ანუ ფულის გათეთრება) მიმდინარეობს. ყველა დაკავებულს 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.