თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ერაყის მთავრობამ ოფიციალურად აცნობა შვედეთის მთავრობას, რომ სამეფოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს, თუ სტოკჰოლმში ყურანის დაწვის აქცია განმეორდება, იუწყება ერაყის პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური.
„ერაყის მთავრობა ადასტურებს, რომ დიპლომატიური არხებით აცნობა შვედეთის მთავრობას მისი განზრახვის შესახებ, გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები შვედეთთან მის ტერიტორიაზე ყურანის დაწვის განმეორებისა და სიტყვის თავისუფლების საბაბით ამგვარ აქციაზე ნებართვის გაცემის შემთხვევაში“, — ნათქვამია ერაყის პრემიერის პრეს-სამსახურის Twitter-ზე.
მანამდე, 19-20 ივლისის ღამით ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ცენტრში მდებარე შვედეთის საელჩოს დემონსტრანტებმა შეუტიეს და ცეცხლი წაუკიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრაცია შიიტი სასულიერო პირის მუქთადა სადრის მომხრეებმა შეკრიბეს მას შემდეგ, რაც შვედეთში ყურანის დაწვის მორიგი აქცია დაიგეგმა. ერაყის უშიშროების ძალებმა დემონსტრაციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა ქმედებები დაგმო, ხოლო შვედეთის საელჩომ მუშაობა დროებით შეაჩერა.