რუსეთში ახალი თაობის კამიკაძე-დრონი „ლანცეტი“ წარმოადგინეს, რომლის რევოლუციური ბუნება ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა ყველამ, მიაჩნია რუს სამხედრო მიმომხილველს.
კერძოდ, ის წერს:
უხილავი მოიერიშე დრონების ჯგუფს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით, რადიოელექტრონული ბრძოლისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებითაა აღჭურვილი, შეუძლია რადიკალურად შეცვალოს სახმელეთო სამხედრო ოპერაციების ტაქტიკა და კიდევ ერთი „ომის ღმერთი" გახდეს არა მხოლოდ რუსეთის სპეცოპერაციის ზონაში.
ლეგენდარული საბრძოლო მასალების მწარმოებელმა ქარხანა „ლანცეტმა“ (შედის კონცერნ „კალაშნიკოვში“) 16 ივლისს წარმოადგინა დრონების მომდევნო თაობა „იზდელიე 53“ — დასაკეცი ფრთებით. თუმცა, საიდუმლოების გამო, ახალი „ლანცეტი“ მთლიანად არ უჩვენებიათ — მხოლოდ გამშვები დანადგარი გვაჩვენეს, რომელიც ჯგუფური დარტყმისთვისაა შექმნილი.
„იზდელიე 53“-ის გაშვება ინდივიდუალური კონტეინერიდანაც შეიძლება. თუმცა, ზალპური ტექნოლოგია — ეს არის გარღვევა და ქსელზე ორიენტირებული საბრძოლო ოპერაციის კონცეფციის მატერიალიზაცია, რომელშიც ნერვული ქსელით გაერთიანებული კამიკაძე-დრონების ჯგუფი იმუშავებს.
„ლანცეტების“ მთავარმა კონსტრუქტორმა ალექსანდრ ზახაროვმა ხაზი გაუსვა ახალი პროდუქტის მთავარ მახასიათებლებს — ავტომატურ რეჟიმში გამოყენების სიმარტივესა და მტრის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებისადმი მედეგობას. ბრძოლის ველზე ოპერატორმა მხოლოდ საძიებო ზონა უნდა მიუთითოს და გასცეს ბრძანება აფრენის შესახებ.
ამის შემდეგ დრონი დამოუკიდებლად იპოვის მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკას, არტილერიას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს (პიკაპები და სხვა "წვრილმანები" მას არ აინტერესებს). თუ „იზდელიე 53“ ერთდროულად დაინახავს ტანკსაც და რადარსაც, მაშინ პრიორიტეტული სამიზნე რადარი გახდება.
ახალი თაობის დრონების ჯგუფი ავტომატიზებულად ანაწილებს ობიექტებს თავდასხმისთვის. მიზანთან მიახლოებისას ქობინი იწყებს მოქმედებას და კუმულაციური ნაკადი ნებისმიერ ჯავშანს ხვრეტს. დრონს ასევე შეუძლია ატაროს ფუგასურ-მსხვრევადი ან თერმობარული ქობინი.
დარტყმის კომპლექსი მოიცავს სადაზვერვო, სანავიგაციო და საკომუნიკაციო მოდულს. „ლანცეტს“ შეუძლია კოორდინატების განსაზღვრა სხვადასხვა წყაროდან (ობიექტებიდან) და ამით შესამჩნევად განსხვავდება უცხოური ანალოგებისგან, რომლებსაც სატელიტური ნავიგაცია სჭირდებათ.
ქირურგიული სიზუსტე
დღეს „ლანცეტმა“ უკომპრომისოდ გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების შენიღბული საყრდენი პუნქტი ხერსონის მიმართულებით, და ეს შემთხვევითი არ არის. რუსული ჯარები უკრაინულ თეატრში აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ტიპის სადაზვერვო და თავდასხმის დრონებს. „ლანცეტებმა“ დამსახურებულად მოიპოვეს უდიდესი პოპულარობა, რომელთა ანგარიშზეც ასობით მილიონი დოლარისა და ევროს ღირებულების 400-ზე მეტი განადგურებული სამიზნეა.
უკრაინის (ნატოს) საჰაერო თავდაცვა პრაქტიკულად უძლურია — რუსული კამიკაძე-დრონები კომპოზიტური მასალისგანაა დამზადებული და თითქმის უხილავია რადარებისთვის.
მაღალი მანევრირების გამო ახალ დრონებს ფრინველების ქცევის იმიტაცია და მოწინააღმდეგის დაბნევა შეუძლიათ. ეს სერიოზულად ართულებს მათ ძებნას, იდენტიფიკაციასა და განადგურებას. აპარატი მუდმივად იხვეწება დიაპაზონისა და სიმძლავრის გაზრდის მიმართულებით.
ინტეგრირებული ქობინის მქონე „ლანცეტს" შეუძლია ხანგრძლივად იფრინოს ბრძოლის ველის თავზე, დამოუკიდებლად აღმოაჩინოს სამიზნე და გაანადგუროს იგი, მოერიდოს მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ასეთი კამიკაძე-დრონების მასიურმა გამოყენებამ უკრაინის შეიარაღებულ ძალების საბრძოლო ტექნიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. უკრაინულმა არმიამ ვერ იპოვა კონტრზომები „ლანცეტების“ წინააღმდეგ მათი უხმაურობისა და თერმული სიგნატური არარსებობის გამო, რაც შეუძლებელს ხდის ვიზუალურ და სარადარო გამოვლენას და საშუალებას აძლევს „ლანცეტს“ გაანადგუროს სამიზნეები იქ, სადაც უკრაინის არმია არ ელოდება.
რუსული კამიკაძის დრონის გაშვება უფრო იაფია, ვიდრე მაღალი სიზუსტის ჭურვის გასროლა. The Economist-ის ცნობით, „ლანცეტი“ 50.000 დოლარზე ნაკლები ღირს, ხოლო მისი სამიზნე, მაგალითად, ამერიკული ჰაუბიცა M777 — 4 მილიონი დოლარი.
რუსეთს აქვს თითქმის ყველა ტიპის სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატის წარმოების ტექნოლოგია — სადაზვერვო, მოიერიშე, ტაქტიკური, ოპერატიული და ოპერატიულ-ტაქტიკური. რუსეთის მთავრობის მიერ ივნისის ბოლოს დამტკიცებული უპილოტო ავიაციის განვითარების სტრატეგია განსაზღვრავს ოპტიმისტურ პერსპექტივებს მოიერიშე „ლანცეტებისა“ და სხვა თვითმფრინავების განვითარებისთვის, რომელთა წარმოება 2035 წლისთვის 200 ათას ერთეულამდე უნდა გაიზარდოს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე