თბილისის მერია დედაქალაქის მცხოვრებლებს სახსრების ენდოპროთეზირებას დაუფინანსებს

პროგრამის ყოველი ბენეფიციარი ქალაქის მთავრობისგან 6 ათას ლარს მიიღებს.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა სექტემბრიდან დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პროგრამის თითოეული ბენეფიციარი ქალაქის ხელისუფლებისგან 6 ათას ლარს მიიღებს. პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი კი ნახევარი მილიონი ლარი იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს მათთვის, ვინც საჭიროებს ენდოპროთეზირებას, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. სექტემბრიდან დავიწყებთ დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამას, რაც მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაციის დაფინანსებას გულისხმობს“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, დაფინანსება ვაუჩერული სისტემით განხორციელდება და მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების არჩევის შესაძლებლობა ექნება.
„სახსრის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაცია მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანს უტარდება და ეს თითოეული მათგანისთვის სრულფასოვან და აქტიურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად ერთადერთი შესაძლებლობაა“, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, ზოგადად, დედაქალაქის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს.
ივნისში მერიამ თბილისის მცხოვრებლებისთვის ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის დაფინანსების შესახებ გამოაცხადა. მანამდე მოქალაქეებს მხოლოდ ოპერაციის თანხის ნახევარი უფინანსებოდათ.