საქართველო რეფორმების კუთხით მოლდოვასა და უკრაინას უსწრებს - პრემიერ-მინისტრი

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყნებს შორის საქართველო ბოლო ადგილს იკავებს, სიმართლეს არ შეესაბამება, განაცხადა პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით ბევრად უსწრებს მოლდოვასა და უკრაინას, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის, ანალენა ბურბოკის განცხადებას ეხებოდა.
ბურბოკმა განაცხადა, რომ ევროპული ოჯახი „უხსნის ევროკავშირის კარებს ახალ წევრებს, ესენია უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთი და, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველო“. ამასთან, ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ამ „ასოცირებულ ტრიოში“ (ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება - რედ.) ბოლო ადგილს იკავებს.
„ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ჩვენ არათუ ჩამოვრჩებით, დღესაც, გუშინაც, ხვალაც, ყოველთვის ვიქნებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ. რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, სადაც წერია, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას, უკრაინას და აღარ მაქვს საუბარი სხვა ქვეყნებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში შესვლის განცხადებათან დაკავშირებით თებერვალში ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც, მათ შორის, ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, მართლმსაჯულების თავისუფლება და უსაფრთხოება, სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა, ფინანსური კონტროლი და სხვ. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად, 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით – უკრაინას.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში მთელი რიგი კრიტერიუმებით ბევრ განვითარებულ ქვეყანას უსწრებს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მოწინააღმდეგე უკრაინაა.
„შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. სამწუხაროდ, ეს რეალობაა და ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
ღარიბაშვილი: ევროკავშირი შეცდომას დაუშვებს, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს >>
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
ევროკომისიის მიერ 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ მთლიანად შეასრულა სამი პირობა, ნაწილობრივ - შვიდი, შეზღუდული პროგრესია მიღწეული ერთ პუნქტში და საერთოდ არ არის პროგრესი „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს ევროკავშირის პირობების შესასრულებლად.