რას ფიქრობენ რუსეთში: ანკარის შანტაჟი მარცვლეულის გარიგებას ვერ განაახლებს

Sputnik
პიოტრ აკოპოვი
რუსეთის მიერ მარცვლეულის გარიგების შეჩერება ყირიმის ხიდზე მომხდარ ტერაქტს დაემთხვა, მაგრამ ამ ორ მოვლენას შორის კავშირის ძებნას აზრი არ აქვს, წერს რია ნოვოსტის მიმომხილველი.
მისი თქმით, შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირას მიიღო და ამის მიზეზები საჯაროდ განმარტა: რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობა.
შემდეგ ის წერს:
რეჯეფ თაიფ ერდოღანს გარიგების გახანგრძლივების იმედი ჰქონდა, ახლა კი მის განახლებას იმედოვნებს: თურქეთი უკრაინასთან ერთად გარიგების მთავარი ბენეფიციარი იყო. რატომ თქვა რუსეთმა გარიგების გაგრძელებაზე უარი ახლა და არსებობს თუ არა მისი განახლების შანსი?
ჩვენში ჩამოყალიბდა მყარი საზოგადოებრივი აზრი, რომ გარიგება უკვე დიდი ხანია, რაც წამგებიანი გახდა რუსეთისთვის და ის უფრო ადრეც უნდა შეჩერებულიყო. მაგრამ ეს ასე არ არის. რუსეთს არ ჰქონია ილუზია, რომ დასავლეთს რუსულ სასოფლო-სამეურნეო ექსპორტზე სანქციების მოხსნა სურდა, მაგრამ შეთანხმება რამდენჯერმე გაახანგრძლივა სრულიად გასაგები მიზეზების გამო.
გაეროს ეგიდით გაფორმებულ შეთანხმებას ხელი უნდა შეეშალა დასავლური პროპაგანდისთვის იმის მტკიცებაში, რომ სურსათზე ფასების ზრდაზე პასუხისმგებელი რუსეთია და რომ მას მსოფლიოს, განსაკუთრებით კი განვითარებადი სამყაროს შიმშილით მოკვლა სურს.
ამ ბრალდებების უბრალოდ უარყოფა შეუძლებელი იყო — გლობალური სამხრეთის ქვეყნები მართლაც დიდად არიან დამოკიდებული რუსული და უკრაინული ხორბლის ექსპორტზე. ამიტომ მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი იყო, ეჩვენებინა არადასავლური სამყაროსთვის (რომლის სიმპათიებისთვისაც ახლა ბრძოლა მიმდინარეობს რუსეთსა და დასავლეთს შორის), რომ ჩვენ გვესმის მისი პრობლემები და მზად ვართ მათ გადასაჭრელად.
მაგრამ ჩვენ ამას მარტო ვერ გავაკეთებთ. თუ დასავლეთი ჩვენი სოფლის მეურნეობის ექსპორტზე დაბრკოლებების მოხსნას არ აპირებს, ჩვენ უსასრულოდ ვერ დაველოდებით. შეასრულებენ ვალდებულებებს — გარიგება განახლდება.
რუსეთის დიდხანს თმენის მეორე მიზეზი თურქეთთან ურთიერთობაა: რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო რეჯეფ ერდოღანის ხელახალი არჩევა. და როცა ეს მოხდა, გარიგების გახანგრძლივების აუცილებლობა გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას თურქეთისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ერდოღანმა ვერ შეძლო დასავლეთზე გავლენის მოხდენა რუსული კომპანიებისთვის სანქციების მოხსნის საკითხზე. თუმცა, შესაძლოა, მას სჯეროდა, რომ რუსეთი მის ქვეყანასთან ურთიერთობის გამო კვლავაც გაახანგრძლივებდა გარიგებას.
ახლა თურქეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას ელოდება მომავალ თვეში – იმ იმედით, რომ შეთანხმების განახლებას მიაღწევს. მაგრამ ამის შანსები ჯერჯერობით უმნიშვნელოა, თუ, რა თქმა უნდა, თურქეთი დასავლეთისგან რუსეთის პირობების რეალურად შესრულებას არ მიაღწევს.
შეუძლია თუ არა თურქეთს ამავდროულად რუსეთის დაშანტაჟება იმით, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩვენი თანხმობის გარეშეც, ანუ ყოველგვარი გარიგების გარეშეც გაგრძელდება? თეორიულად ასეთი ვარიანტები არსებობს: თურქულ ხომალდებს შეუძლიათ უკრაინული გემების ბადრაგირება ოდესიდან.
მაგრამ ეს პრაქტიკულად რუსეთსა და თურქეთს შორის სამხედრო შეტაკების ზღვარზე ბალანსირებას ნიშნავს, რადგან ნატოს ქვეყნის გემები რუსეთის სამხედრო სპეცოპერაციის ზონაში აღმოჩნდებიან.
მოსკოვმა არაერთხელ გააფრთხილა ნატოს ქვეყნების შეიარაღებული ძალები უკრაინის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის დაუშვებლობის შესახებ. მიუხედავად უკრაინის იარაღით გატენვისა, ალიანსში არავინ არის მზად საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობისთვის. თურქული მისიის ასეთი ჰუმანიტარული ბუნება არსებულ პირობებში შეიარაღებული ძალების გამოყენების გამართლება არ არის, და ეს ანკარამ კარგად იცის.
თურქეთის პრეზიდენტი არ გარისკავს სამხედრო კონფლიქტს (მაქსიმუმ) და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ჩამოშლას (მინიმუმ), ან მის დაპაუზებას, როგორც ეს 2015 წლის შემოდგომაზე მოხდა თურქეთ-სირიის საზღვრის თავზე ჩვენი გამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ.
ამიტომ ერდოღანი შეეცდება, პუტინს შეთანხმების განახლებაზე ისე მოელაპარაკოს, რომ თურქეთისთვის უკიდურესად ხელსაყრელი პოზიცია შეინარჩუნოს — როგორც სავაჭრო და ლოგისტიკური შუამავლისა რუსეთსა და დასავლეთს შორის; და ასევე გააძლიეროს საკუთარი პოზიციები დასავლეთთან დიდი ვაჭრობის ახალ რაუნდში (რომელიც ნატოში შვედეთის გაწევრიანების საკითხის ფონზე მიმდინარეობს).
რუსეთი, თავის მხრივ, განაგრძობს რთულ და მისთვის აუცილებელ თამაშს თურქეთთან, რომელშიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მრავალი თემა — ეკონომიკურიდან გეოპოლიტიკურამდე, გაზსადენებიდან სირიამდე.
ამასთან, არც გარიგების ამჟამინდელი შეწყვეტა და არც მისი შესაძლო განახლება, ფაქტობრივად, არანაირ კავშირში არაა რუსეთის გეგმებთან უკრაინის მიმართ. სპეცოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ მისი მთავარი ამოცანა არ შესრულდება: ანტირუსეთისა და მისი პროდასავლური ხელისუფლების დემონტაჟი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე