თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. საერთაშორისო რეიტინგულმა სააგენტო Fitch Ratings-მა დაადასტურა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე პროგნოზით „პოზიტიური“.
„რეიტინგი შენარჩუნებულია საქართველოს ძლიერი მმართველობით და ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებით საშუალო "BB" მაჩვენებელთან შედარებით, საიმედო მაკროფისკალური პოლიტიკით, სახელმწიფო ვალის ზომიერი დონით და საიმედო საბანკო სექტორით", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ფაქტორები დაბალანსებულია მაღალი ფინანსური დოლარიზაციით და სახელმწიფო ვალის სავალუტო რისკებზე დამოკიდებულებით, ასევე უფრო სუსტი საგარეო ფინანსებით, რაც მოიცავს მათ შორის მაღალ წმინდა საგარეო ვალს და მნიშვნელოვან უარყოფით საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციას.
„პოზიტიური“ პერსპექტივა ასახავს ეკონომიკის ძალიან ძლიერ აღდგენას ინფლაციის კლებასთან და საგარეო პოზიციის გაუმჯობესებასთან ერთად.
მაკროეკონომიკური პოლიტიკა რჩება სტაბილური, ხოლო საქართველოს ქმედებები საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართ ადასტურებს Fitch-ის მოლოდინს სახელმწიფო ბიუჯეტის შედარებით დაბალი და სტაბილური სახელმწიფო დეფიციტის შესახებ. Fitch მეტად დარწმუნებულია, რომ რუსეთიდან მიგრანტებისა და კაპიტალის შემოდინება მკვეთრად არ შეიცვლება, თუმცა ეს ფაქტორი ნარჩუნდება როგორც შემცირების რისკი.
ეკონომიკის ზრდა
რეალური მშპ 2023 წლის 5 თვეში გაიზარდა 7,5%-ით 2021-2022 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (10,3%), რასაც ხელი შეუწყო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გვერდითმა დადებითმა ეფექტმა, განსაკუთრებით სატრანსპორტო სექტორსა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კუთხით, ასევე დიდი მოცულობის პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა და ტურიზმის აღდგენამ. არსებული შეფასებით, 2022 წელს მთლიანმა მიგრაციამ რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან 100.000-ს მიაღწია, 2023 წელს კი ამ მხრივ მცირედი კლება შეინიშნება.
Fitch-ის პროგნოზით, მშპ-ის ზრდის ტემპი 2023 წელს 6,9%-დან 2024-2025 წლებში საშუალოდ 5%-მდე შემცირდება, რადგან მხარდაჭერა მიგრაციული ნაკადების და საგარეო მოთხოვნის მხრიდან სუსტდება. ეს მიახლოებულია ტრენდის კოეფიციენტის მათივე შეფასებას და მნიშვნელოვნად განსხვავდება ნავარაუდევ „BB“ მედიანას (3,1%).
მთლიანი სახელმწიფო ვალი/მშპ 2021-2022 წლებში შემცირდა 20,4 პ.პ.-ით 39,8%-მდე და დაუბრუნდა პანდემიამდელ დონეს, რასაც განაპირობებდა მშპ-ს ძლიერი დეფლატორი და ვალუტის შარშანდელი გამყარება. Fitch-ის პროგნოზით, სახელმწიფო ვალი 2023 წლის ბოლოს მშპ-ს 37,5%-მდე შემცირდება და 2024-2025 წლებში 38,2%-ის დონეზე დასტაბილურდება.
რამ შეიძლება იმოქმედოს რეიტინგზე უარყოფითად
Fitch-ს მიაჩნია, რომ რეიტინგის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს საგარეო მოწყვლადობის შესამჩნევმა ზრდამ, მაგალითად, კაპიტალის შემოდინების მკვეთრი ცვლილების, საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი შემცირების ან მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის დეფიციტის მდგრადი ზრდის გამო.
ასევე ნეგატიურ ფაქტორებს შორისაა შიდა პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური რისკების მნიშვნელოვანი გაძლიერება, რაც უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდასა თუ პოლიტიკაზე.
Fitch აღნიშნავს, რომ რეიტინგებზე შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ასევე მშპ-ის მიმართ სახელმწიფო ვალის ზრდამ საშუალოვადიან პერსპექტივაში, რაც ასახავს ფისკალურ შესუსტებას, ზრდის უფრო სუსტ გარემოს ან შემდგომ გარე რყევებს.
რამ შეიძლება იმოქმედოს რეიტინგზე დადებითად
გარეშე მოწყვლადობის შემცირება, მაგალითად, მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის დეფიციტის შემცირება შესადარებელ დონემდე, ან საერთაშორისო რეზერვების ზრდა;
საშუალოვადიან პერსპექტივაში მშპ-ის მიმართ სახელმწიფო ვალის შემცირება, მაგალითად, შემოსავლების მდგრადი ზრდის გამო.
მშპ-ის უფრო ძლიერი და მდგრადი ზრდის პერსპექტივები შემცირებული მაკროეკონომიკური მოწყვლადობით, როგორიცაა მაღალი დოლარიზაცია, რაც იწვევს მშპ-ის მაღალ ზრდას ერთ სულ მოსახლეზე.