თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადადო მეორე მიმოხილვის წარდგენა სარეზერვო დაფინანსების შესახებ შეთანხმების ფარგლებში (SBA), რომლის შემდეგ საქართველოს 30 მლნ SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის ტრანში უნდა მიეღო, იუწყება „პირველი არხი“ საქართველოში სსფ-ის წარმომადგენლობაზე დაყრდნობით.
2022 წლის ივნისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR). საქართველომ მაშინ 40 მლნ დოლარის პირველი ტრანშიც მიიღო.
„ვადასტურებთ, რომ პროგრამის მეორე მიმოხილვა გადაიდო. მიმდინარეობს მოლაპარაკებები’’, – განაცხადეს სავალუტო ფონდის საქართველოს მისიაში.
ამასთან, ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე სავალუტო ფონდის პროგრამის განხორციელება არ შეწყვეტილა.
„პროგრამა არ შეწყვეტილა, არამედ სავალუტო ფონდის ბორდზე პროგრამის მიმოხილვის წარდგენა გადაიდო. თანამშრომლობა სავალუტო ფონდთან გრძელდება. ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან“, – განაცხადეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
არც ეროვნულ ბანკს, არც სავალუტო ფონდს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არ დაუსახელებია.
იმავდროულად, საერთაშორისო საფინანსო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა ნაწილობრივ უკავშირდებოდეს პარლამენტის ბოლო გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის საბჭოს საკითხზე.
ივნისში საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და მიიღო ცვლილებები, რის შედეგადაც ეროვნული ბანკის საბჭოში დროებით შეიქმნა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის წევრთა უმრავლესობა საბჭოს დამოუკიდებელ წევრების რაოდენობასთან შედარებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამის წინააღმდეგი იყო და აღნიშნავდა, რომ საქართველომ შეიძლება დაკარგოს მოპოვებული ნდობა ეროვნული ბანკის მიმართ.
„სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ პროგრამის მეორე გადახედვის დამტკიცება, როგორც ჩანს, ნაწილობრივ გადაიდო უთანხმოების გამო, რომელიც უკავშირდება ცვლილებებს საქართველოს ეროვნული ბანკის მართვის სტრუქტურაში“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
რას კარგავს საქართველო?
სსფ-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მეორე მიმოხილვის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა მორიგ ტრანშს ჯერ არ აიღებს.
2022 წლის დეკემბერში სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსთვის სამწლიანი Stand By შეთანხმების პირველი მიმოხილვა და ქვეყანას 40 მილიონი დოლარი გამოუყო, მაგრამ მთავრობამ თანხის მიღებისგან თავი შეიკავა.
„საქართველოს ხელისუფლება პროგრამას კვლავ პრევენციულ მნიშვნელობას ანიჭებს, ე.ი. ამ ეტაპზე გამოყოფილი თანხის სესხებას არ აპირებს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.