თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე არაადამიანურ მოპყრობაში მსჯავრდებული მეგის ქარდავას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. მეგის ქარდავა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსი იყო.
ქარდავას დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მაშინ ქარდავა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის ე.წ. ციხის ბუნტის (2006 წლის მარტი) საქმეზე, მას მიესაჯა 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა.
ბუნტი, რომელიც მოხდა ორ გვერდიგვერდ მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (N1 და N5), სასტიკად ჩაახშეს 27 მარტის ღამეს. არსებული მონაცემებით, ბუნტის ჩახშობის მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად შვიდი პატიმარი დაიღუპა, 22 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ მეგის ქარდავას ადვოკატების სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
თავად ქარდავა განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა, როგორც ადვოკატმა გია გოროზიამ განაცხადა, ქარდავა სასამართლოს უნდობლობას უცხადებს.
ქარდავას საქმე
ქარდავამ საქართველო 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა, 2021 წლის სექტემბერში უკრაინიდან სამშობლოში მისი ექსტრადირება მოხდა.
მეგის ქარდავას განაჩენი ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს გამოტანილი. კიდევ ექვს საქმეზე სასამართლოში წარმოება მიმდინარეობს. სასამართლომ ქარდავას პატიმართა წამებისა და 2006 წლის იანვარში ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე დაუსწრებლად მიუსაჯა შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.
ქარდავა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, მას მიესაჯა 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა.
2009 წლის იანვარში დაკავებული ქალის ცემის, დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ქარდავა ასევე დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ და 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ქარდავას წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე გამოიტანა და 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ქარდავას 2011 წლის სექტემბერში თითქოსდა ჯაშუშობაში მხილებული სამხედროების, მათ შორის, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების, მათ შორის სექსუალური ხასიათის წამების საქმეზე, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.