ოპოზიცია პოლიტიკური ქორწილისთვის ემზადება? „ოცნების“ რეაქცია წინანდალში შემდგარ შეხვედრაზე

Sputnik
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა წინანდალში გამართულ ოპოზიციური პარტიების ნაწილის შეხვედრას უდიდეს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის აღიარება უწოდეს.
რამდენიმე პოლიტიკური პარტიის, მათ შორის, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა, ასევე ბიზნესმენებმა, ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უქმეებზე შეხვედრა გამართეს და სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს. შეხვედრის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მმართველი პარტიის გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, შეხვედრაზე მყოფ ყველა დამსწრეს ერთი ღერძი და ერთი მსოფლმხედველობა აქვთ.

„ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ – ეს ადამიანები, ოპოზიციის წევრები, ერთი მსოფლმხედველობის არიან. თავის დროზე ეს მთლიანად ერთი პარტია იყო. შემდეგ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებად დაიშალნენ და ისე წარდგნენ. ახლაც ყველანი ერთი პატრონაჟის ქვეშ არიან. შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვან, მაგრამ ყველას ერთი პატრონი ჰყავს“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა წინანდლის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას: ღონისძიების მონაწილეები თავისი შინაარსითა და განზრახვებით კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ.
„რაც მალე შეერწყმებიან ისედაც პრაქტიკულად ერთად მყოფი დესტრუქციული ძალები, უკეთესი იქნება ხალხისთვის და ქვეყნისთვის, რადგან მეტად გაუადვილდება ამომრჩეველს სიცხადის დანახვა, რაც ისედაც ცნობილია. თვალნათლივ ვხედავთ, როგორ გადადის მათი თანამშრომლობა სულ უფრო აქტიურ ფაზაში „ნაცმოძრაობასთან", – განაცხადა ღუდუშაურმა.
ამ შეხვედრიდან ძალიან ბევრი დასკვნის გამოტანა შეიძლება, განაცხადა, თავის მხრივ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
„პოლიტიკოსებში ყოფილი „ნაცი“ არ არსებობს. გამოჩნდა, რომ მათ უცხოეთში ერთი პატრონი ჰყავთ. როცა საჭირო იქნება, ერთად მოიყრიან თავს. ანუ ერთი გენეალოგიური შტო აქვთ. ხვდებიან, რომ ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე საზოგადოებაში სანდოობას ვერ მოიპოვებენ. ერთადერთ გზად დარჩენილი აქვთ, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადონ და რევოლუციური პროცესები გაამძაფრონ, რასაც მათი უცხოელი პარტნიორები დააფინანსებენ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური ლიდერია, რეალურად კი პარტიას კულისებიდან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მართავენ.
არავისთან გაერთიანებას არ ვგეგმავთ: გახარიას პარტია ენმ-სთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს >>
შიდასახელმწიფოებრივ ძებნაში მყოფი კეზერაშვილი, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებს, უცხოეთიდან აფინანსებს არა მარტო მის მიერ დაფუძნებულ ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას“, არამედ „ნაციონალურ მოძრაობასაც“.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
გარდა ამისა, ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე „მისტერ ოფშორი" დგას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნული ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.