თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე დაკავებულს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორისა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტებზე მამუკა შაქარაშვილი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.
გამოძიების ცნობით, ბრალდებული „ფორმულას" ოპერატორს თავს 6 ივლისს დაესხა, როცა იგი საგარეჯოში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ბრალდებულმა ტელეკომპანიის ოპერატორს დაარტყა, გარდა ამისა, მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა.
თელავის რაიონული სასამართლოში გამართულ პროცესზე ბრალდების მხარემ მამუკა შაქარაშვილის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, რადგან მიაჩნდა, რომ არსებობდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურების და მოწმეების ზემოქმედების საფრთხე.
პროკურორმა ალექსანდრე ჩხაიძემ სასამართლოზე ასევე განმარტა, რომ ბრალდებული არის ძალადობისკენ მიდრეკილი პირი, რაც ვიდეო მტკიცებულებებშიც ჩანს.
ბრალდების მხარის მოსაზრებებს არ დაეთანხმა თავად ბრალდებული, რომელიც ძალადობის ფაქტს არ აღიარებს.
მან სხდომაზე განაცხადა, რომ საგარეჯოში დაპირისპირების დროს ის მედიასაშუალებებმა გამოიწვიეს, რის გამოც თავს დამნაშავედ არ ცნობს და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს.