ჩუღურეთის ორ საბავშვო ბაღში მიმდინარე რემონტი შემოდგომისთვის დასრულდება

ბაღების შენობების რეაბილიტაციის პროცესს დღეს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი გაეცნო.
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ჩუღურეთის რაიონში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან საბავშვო ბაღის ორი შენობა შევა ექსპლუატაციაში, იუწყება თბილისის მერია.
ერთ-ერთია N125 ბაგა-ბაღია. ოთარ ქინქლაძის ქუჩაზე მდებარე ამ საბავშვო ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი გასულ წლებში განხორციელდა, მის ნაცვლად კი სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა აშენდა, რომელიც აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისიდან მიიღებს.
უწყების ცნობით, მშენებლობა დასრულებულია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ეზოსა და შიდა სივრცეების მოწყობა და ბაღის აღჭურვა.
ახალი სააღმზრდელო წლისთვის უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე N2 ბაგა-ბაღის შენობაშიც უნდა დასრულდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება შენობის ისტორიულ ნაწილს. ასევე, აშენდა ახალი კორპუსი, სადაც ბაღის ძირითადი ნაწილი განთავსდება. 400 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება.
ორივე შენობის რეაბილიტაციის პროცესს დღეს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი გაეცნო.