რვა ადამიანს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცებას ედავებიან

თაღლითური გზით მითვისებული ქონების საერთო ღირებულება 700 ათას ლარს აჭარბებს.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. რვა ადამიანია მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი მიწების მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა 2020-2021 წლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად მოტყუებით დაირეგისტრირეს ჯამში 6.809 მ2 ფართობის მიწის სამი ნაკვეთი.
მათ მიერ მითვისებული ქონების ჯამური ღირებულება 713.942 ლარია.
პროკურატურამ სახელმწიფო მიწების მითვისების ხუთი მცდელობა გამოავლინა>>
გამოძიების პროცესში უკანონოდ მითვისებული მიწის ნაკვეთები დაყადაღდა.
სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით არის აღძრული – „თაღლითობა“, „სამსახურებრივი გულგრილობა“ და „ყალბი დოკუმენტების, ბეჭდების, შტამპების ან ფორმების დამზადება და გამოყენება", რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.