თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. რეგიონში ციფრული ჰაბის მთავარი პოზიციის დასაკავებლად საქართველოს მისწრაფებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საქართველოს გარდაქმნა რეგიონის „ციფრულ ჰაბად“ ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანაა მომდევნო ათი წლის განმავლობაში. ციფრული ჰაბი გულისხმობს DATA ცენტრის შექმნას, რომელიც ფაქტობრივად მთელ რეგიონს მოემსახურება.
„საუბარი შეეხო საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას. აღინიშნა, რომ საქართველო მიისწრაფვის რეგიონში ციფრული ჰაბის პოზიციის დამკვიდრებისაკენ და მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც ქვეყანას გააჩნია აზიისა და ევროპის ქვეყნების დამაკავშირებელ ციფრულ სატრანზიტო დერეფნის (ჰაბის) მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უფრო ადრე ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, საქართველო ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარებას გეგმავს და რიგი პროექტები, რომელთა შორისაა ევროპასთან ციფრული კავშირგაბმულობა, მას დაეხმარება, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ციფრული ჰაბი გახდეს.
საუბარია ევროპასთან შავი ზღვის გავლით ციფრულ კავშირგაბმულობაზე, რომელიც საქართველოში ინტერნეტის ხარისხს გააუმჯობესებს.
მინისტრის თქმით, საქართველოში ციფრული სატრანზიტო დერეფნისა და ჰაბის განვითარება გულისხმობს, ერთი მხრივ, საერთაშორისო ფართოზოლოვან სატელეკომუნიციო ინტერნეტ-კავშირს საქართველოში და საქართველოს გავლით და, მეორე მხრივ, ქვეყანაში მსხვილი კონტენტ-პროვაიდერების მიერ რეგიონულ მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირებას.
მისი თქმით, სამინისტროში უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან და, საერთაშორისო ექსპერტების ანალიზის თანახმად, ხუთი წლის განმავლობაში ინტერნეტ-კავშირის ევროპულ–აზიური გლობალური ბაზარი ყოველწლიურად 30 პროცენტით გაიზრდება.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, შავი ზღვის ფსკერზე ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში საქართველოს კარგი შესაძლებლობები აქვს ინტერნეტ-კავშირის საერთაშორისო ბაზარზე აქტიური მონაწილეობისთვის.
მან ასევე აღნიშნა, რომ ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
დავითაშვილის თქმით, ბოლო წლებში საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში რეალიზებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დარგის განვითარებაში, გაიზარდა ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა, რამაც განავითარა ციფრული ბაზარი, დაინერგა მრავალი ელექტრონული მომსახურება.