ჩეხეთი საქართველოს საბავშვო ბაღების გაუმჯობესებაში დაეხმარება

დოკუმენტი ადრეული ასაკის ბავშვთა ზრუნვის სფეროში ეროვნული პოლიტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ჩეხეთის განვითარების სააგენტო საქართველოს საბავშვო ბაღებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან სამუშაოდ სპეციალისტების მომზადებაში დაეხმარება.
თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ და ჩეხეთის საელჩოს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა იანა ზელინგროვამ.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, დოკუმენტი ადრეული ასაკის ბავშვთა ზრუნვის სფეროში ეროვნული პოლიტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
„პროექტი „ბავშვთა ადრეული განვითარების და ინკლუზიური სერვისების განვითარება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის საქართველოში” ახალი სპეციალისტების მომზადებას, ადრეული ასაკის ბავშვთა სერვისების განვითარებასა და სერვისის მიმწოდებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ექსპერტთა ჯგუფი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ადრეული ასაკის ბავშვთა მოვლისა და ინკლუზიური განათლების არსებული პოლიტიკის ანალიზზე იმუშავებს.