თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. პატიმართა ესკორტირებისა და თანამშრომელთა მეტი უსაფრთხოებისთვის ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრი გაიხსნა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
ცენტრი აღჭურვილია რადიოსიხშირისა და GPS ნავიგაციის უახლესი და თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა ოპერატიულად, ეფექტიანად და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით განხორციელდეს როგორც მსჯავრდებულთა გადაადგილება, ასევე ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მუშაობა.
ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრში დასაქმებული თანამშრომლებისთვის პენიტენციურმა სამსახურმა კომფორტული სამუშაო გარემო უზრუნველყო და თანამშრომელთათვის მოსასვენებელი სივრცეც გამოყო, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით.
ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრი
© Ministry of Justice of Georgia
ახლად გახსნილი ცენტრის ფუნქციონირებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადგილზე გაეცნენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია როგორც პატიმართა პირობების გაუმჯობესება, ასევე თანამშრომელთა ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა. ამ მიზნით სამსახური არაერთ რეფორმასა თუ პროექტს ახორციელებს, რომელიც სამსახურის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის.