ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

სვეტიცხოვლობა არის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში დღეს საზეიმო წირვა ტარდება – ეკლესია აღნიშნავს დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას და სვეტიცხოვლობას.
სვეტიცხოვლობა საქართველოში ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია და წელიწადში ორჯერ — 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება.
მართლმადიდებლური ეკლესია 13 ივლისს კვართის დღესასწაულსა და თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი სქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა. ტაძარი 1010-1029 წლებში IV საუკუნის პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილზე არსაკიძემ ააგო. მსგავსი ტაძრები აშენდა იმავე პერიოდში კახეთში — ალავერდის ტაძარი და ქუთაისში — ბაგრატის ტაძარი. სვეტიცხოველი სხვადასხვა დროს ძლიერ დაზიანდა და XV-XVII საუკუნეებში მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქციები ჩატარდა.
გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
საეკლესიო კალენდარი: 13 ივლისი
IV საუკუნეში წმინდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ეს ხე მოუჭრიათ და მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. მაგრამ კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილზე ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო.
V საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ამ ადგილზე უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე დღევანდელი სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს პირველმა კათოლიკოს-პატრიარქმა, წმინდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით XI საუკუნის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ადგილზე ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ააგო. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.
სვეტიცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა ქართველი ერი.
სვეტიცხოველი – მთლიანად შენარჩუნებული ძეგლებიდან საქართველოს უდიდესი არქიტექტურული ძეგლია. ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება.