კატეგორიულად მიუღებელია - სარჯველაძემ ევროდეპუტატი მიკერძოებაში დაადანაშაულა

მსგავსი განცხადებები არის არა მხოლოდ არაევროპული, არამედ ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივია, განაცხადა დეპუტატმა.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ევროპარლამენტის დეპუტატ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაში იგრძნობა გარკვეული ოპოზიციური ჯგუფების ტენდენციური მხარდაჭერა, რაც კატეგორიულად მიუღებელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
მანამდე ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობა არის ევროპული ტიპის ამბიციური თაობა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და რომელსაც ევროპული მომავალი სურს. კრამონი დარწმუნებულია, რომ ეს თაობა ცვლილებებს მოიტანს. ამასთან, პოლიტიკოსმა დაამატა, რომ მხარს უჭერს საქართველოს მიზნის მიღწევაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აპირებს გააგრძელოს ბრძოლა საქართველოსთვის და იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

„აშკარად იგრძნობა ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მიკერძოებული, ტენდენციური პოლიტიკური მხარდაჭერის მცდელობა. ბუნებრივია, ეს კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს. ასეთ რამეს არ უნდა კადრულობდნენ ადამიანები, რომლებსაც, წესით, უნდა ჰქონდეთ გარკვეული ნეიტრალური მიდგომა, სახელმწიფოს მხარდაჭერაზე და ქვეყნის მხარდაჭერაზე თუ აქვთ პრეტენზია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ხალხის ძალის" პოზიცია

ეს განცხადება ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორთან და დამფუძნებელთან ნიკა გვარამიასთან და რამდენიმე სხვა ევროდეპუტატთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომლებიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკით გამოირჩევიან. გვარამია 11-12 ივლისს სტრასბურგში იმყოფებოდა, სადაც ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრები გამართა.
გვარამიას შეწყალების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ევროკომისიის ზეპირი მოხსენებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. შუალედურ შეფასებაში ნათქვამია, რომ საერთოდ არ არის პროგრესი „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.

„ის ფაქტი, რომ გვარამია ჩადის იმ ევროპარლამენტარებთან, რომლებიც საქართველოს ხან პირდაპირ მოუწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ და ახლაც აფიქსირებენ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ეს პოლარიზებას შეუწყობს ხელს თუ დეპოლარიზაციას?“ – იკითხა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

პოლიტიკოსის თქმით, ეს განცხადებები არის არა მხოლოდ არაევროპული, არამედ ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივია.
„ერთი მაგალითი დაასახელონ, სადაც შეიძლება, რომ ევროპარლამენტარებმა მოუწოდონ საზოგადოებას, ხელისუფლება რომელი აირჩიონ და რომელი არა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ფონ კრამონი და საქართველო

გერმანელმა პოლიტიკოსმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ყველა პირობა, არამედ იმიტომ, რომ ამას ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს.
ცნობილია, რომ ევროდეპუტატი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მოვლენებს. ის მონაწილეობდა პოლიციის მიერ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაში, რომელიც 1 აპრილს საქართველოს მთავრობის შენობასთან გაიმართა. გრიგორიადისი დაკავებულია პოლიციელებზე თავდასხმისა და საპატრულო ავტომობილის დაწვის გამო.
გამოძიების მონაცემებით, 21 წლის მამაკაცი რუსთაველზე აქციების დროს პოლიციელებს ესროდა ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. მან ასევე ცეცხლი წაუკიდა პოლიციის მანქანას.

დეპოლარიზაცია საქართველოში

დეპოლარიზაცია ევროკავშირის 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელთა შესრულებაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად სჭირდება.
ევროკომისიის მიერ 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ ეს პუნქტი ნაწილობრივ შეასრულა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპოლარიზაცია ევროკავშირის ყველაზე რთულად შესასრულებელი პირობაა, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. ამ დროს რამდენიმე პარტიამ, მათ შორის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, უარი თქვა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მუშაობაზე ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მუშაობა ფიქციაა.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, სამმა ქვეყანამ განაცხადი თითქმის ერთდროულად გააკეთა, თუმცა კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.

გვარამიას საქმე

ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ.
2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი2“-სთვის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როდესაც მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
2022 წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. შემდეგ ადვოკატებმა საჩივარი შეიტანეს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც გვარამიას საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საჩივარი დაუშვებლად ცნო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2“-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.