თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. იაპონია მზადაა გაუზიაროს გამოცდილება საქართველოს და ფინანსურად დაეხმაროს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და გარემოს დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, განაცხადა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკიმ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან შეხვედრაზე.
თბილისში შედგა ოთარ შამუგიას და იშიძუკა ჰიდეკის გაცნობითი შეხვედრა, სადაც მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„იაპონიას არაერთი მექანიზმი და სქემა აქვს, მხარი დაუჭიროს საქართველოს არსებული გამოწვევების გადაჭრაში ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა გარემოს დაცვა, ტყის და წყლის რესურსების მართვა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და სხვა. მზად ვართ, გავუზიაროთ ქართულ მხარეს ჩვენი გამოცდილება და გავუწიოთ როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური მხარდაჭერა“, - განაცხადა იშიძუკა ჰიდეკიმ.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას დიდი პერსპექტივა აქვს მსოფლიოს, მათ შორის, იაპონიის ბაზარზე.
„ვფიქრობ, თანამშრომლობის გაღრმავებით, დადებითი შედეგების მიღწევას ყველა მიმართულებით შევძლებთ“, - აღნიშნა ჰიდეკიმ.
ოთარ შამუგიამ იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა. მინისტრმა იაპონურ მხარეს წლების განმავლობაში საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე გარემოს დაცვის კუთხით მადლობა გადაუხადა.
„იაპონიას უდიდესი გამოცდილება აქვს, შესაბამისად, ცოდნის გაზიარება, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია, რადგან ეს საშუალებას მისცემს ჩვენს ფერმერებსა და მწარმოებლებს გაზარდონ წარმოება და პროდუქციის ხარისხი. ასევე, პროდუქციის თვითღირებულება შეამცირონ, გახდნენ კონკურენტუნარიანები და ექსპორტზე ორიენტირებულები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იაპონიის მხარდაჭერა და თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყანაში რეფორმებისა და პროექტების რეალიზაციის პროცესში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება გააქტიურდეს თანამშრომლობა ტყის მდგრადი მართვის, ემისიებით ვაჭრობის, წყლის რესურსების მართვისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, დაცული ტერიტორიებისა და ტურიზმის, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის, ღვინის ექსპორტის ზრდის მიმართულებით.