რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები ექვს თვეში

იანვარ-ივნისში აეროპორტების მგზავრთნაკადის მონაცემები პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა.
Sputnik
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა 2,5 მლნ-მდე მგზავრს უმასპინძლეს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, იანვარ-ივნისში აეროპორტების მგზავრთნაკადის მონაცემები პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა.

„ჩვენ შევძელით და საქართველოს აეროპორტებში სრულად აღვადგინეთ მგზავრთნაკადი – თუ მას 2019 წლის მონაცემებს შევადარებთ. დღესდღეობთ ჩვენ გვყავს 50-მდე საერთაშორისო პარტნიორი ავიაკომპანია, რომლებიც 60-ზე მეტი მიმართულებით ასრულებენ პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში", – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნის მქონე მიმართულებაა საერთაშორისო მგზავრებისთვის, ტურისტებისთვის.
რაც შეეხება ნახევარი წლის მონაცემებს კონკრეტული აეროპორტების მიხედვით: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1.566.251 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ს შეადგენს. ამასთან, აეროპორტი 84%-ით დაუბრუნდა 2019 წლის პირველ ექვს თვეში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.
ანალოგიურად, პოზიტიური სურათია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სტატისტიკაშიც – გადაყვანილ იქნა 667.305 მგზავრი, ზრდა 2022 წლის ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით 103%-ს შეადგენს. ამასთან, იანვარ-ივნისში მიღებულ მგზავრთა მაჩვენებელი 83%-ით აღემატება 2019 წლის პირველ ექვს თვეში მიღებული მგზავრების რაოდენობას.
ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყება საქართველოში 2024 წელს იგეგმება - პრემიერი>>
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს რაც შეეხება, ის 236.444 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 9%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით აღდგენა 96%-ს შეადგენს.
მინიტრის მოადგილის თქმით, აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა არა მარტო საერთაშორისო, არამედ ქვეყნის ადგილობრივი დანიშნულების – მესტიის, ამბროლაურისა და ნატახტრის აეროპორტებშიც.
„როგორც საერთაშორისო, ისე შიდა, ადგილობრივი აეროპორტების მგზავრთნაკადის ზრდა-გაუმჯობესების კუთხით არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ქვეყანაში საავიაციო ინდუსტრიის, ისევე, როგორც ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას", – მიაჩნია მარიამ ქვრივიშვილს.