თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ ნანტში მოქმედ საზაფხულო ბანაკში თბილისიდან 13-15 წლის მოზარდები მიიღებენ მონაწილეობას, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, ნანტში მოქმედ საზაფხულო ბანაკში „შეხვედრა რაგბის ირგვლივ" 2023 წლის 11-დან 21 აგვისტომდე თბილისიდან, ნანტიდან, ზაარბრიუკენიდან და კარდიფიდან 60-მდე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას.
„ბანაკი იფუნქციონირებს პორტ-ბარბის ღია სივრცეში, რომელიც 10 ჰექტარს მოიცავს. ახალგაზრდები კარვებში იცხოვრებენ. პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი მოზარდების დამეგობრებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და დაძმობილებულ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას", – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, თბილისიდან ბანაკში 15 მოზარდი და სამი ახალგაზრდული მუშაკი გაემგზავრება. ბანაკში მონაწილეობისთვის შერჩეულ თბილისელ მოზარდებს შორის არიან სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებიც.
თბილისის მერია 15-ვე მოზარდისა და სამი თანმხლები ახალგაზრდული მუშაკის მგზავრობისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯებს აფინანსებს.
ნანტი საფრანგეთის სიდიდით მეექვსე ქალაქია. თბილისსა და ნანტს შორის დაძმობილების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1979 წლის მარტში ნანტში და სექტემბერში - თბილისში. ერთი წლით ადრე, 1978 წლის 17 სექტემბერს კი თბილისს, ნანტსა და ზაარბრიუკენს შორის გაფორმდა სამმხრივი დაძმობილების ხელშეკრულება, რომელსაც ქალაქები ხშირად ,,დაძმობილების სამკუთხედის’’ სახელით მოიხსენიებენ.
მოგვიანებით, 1990 წელს ორ ქალაქს შორის ხელშეკრულების ტექსტი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განახლდა.