თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს 14 ივლისს განიხილავს.
საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, საკითხს სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი წარადგენს.
სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი საბურთალოს №3 მაჟორიტარული ოლქიდან გახდა. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, პარლამენტის იმ წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, რომელიც მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩიეს, შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება კანონით დადგენილი წესით, აპრილში ან ოქტომბერში.
თუ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე პერიოდში შეწყდა, პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე პერიოდში შეწყდა, მაშინ უახლოეს აპრილში. უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
ხმები იმის შესახებ, რომ სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოს დატოვებას გეგმავდა, მასმედიაში ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა.
მაშინ ხუთმა დეპუტატმა, რომლებიც პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით მოხვდნენ, სადეპუტატო მანდატზე უარი განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში კი მათი ადგილი პარტიული სიით მომდევნო პირებმა დაიკავეს.
მაშინ სერგეენკო მათ შორის არ აღმოჩნდა. თუმცა, მარტის ბოლოს მმართველმა პარტიამ იგი ორი საპარლამენტო კომიტეტიდან – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვია.
იმ პერიოდში თავად სერგეენკომ არ გასცა ცალსახა პასუხი კითხვაზე, ტოვებს თუ არა ის პარტიას და მანდატს. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ მისთვის მეათე მოწვევის პარლამენტი არის ბოლო სამუშაო ადგილი საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში. სერგეენკომ დასძინა, რომ ექიმად მუშაობა ურჩევნია.