თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთ რეისზე პირველი ქალი მძღოლი – ლია ბერიძე დასაქმდა, იუწყება ბათუმის მერია.
ავტობუსის პირველი ქალი მძღოლი ბათუმში
© Social media page of Archil Chikovani
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქალი მძღოლები იშვიათობაა საქართველოში. დღემდე ავტობუსის მძღოლი ქალები მხოლოდ თბილისში იყვნენ. დანარჩენ ქალაქებში ავტობუსებს და სამარშრუტო ტაქსებს მხოლოდ მამაკაცები მართავენ.
ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ლია ბერიძეს პირველი სამუშაო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს პრეცედენტი სხვა ქალბატონებისთვისაც წამახალისებელი იქნება.
ლია ბერიძემ კი მილოცვის შემდეგ აღიარა, რომ ავტობუსის მძღოლობა მისი ბავშვობის ოცნება იყო.
ავტობუსის პირველი ქალი მძღოლი ბათუმში
© Social media page of Archil Chikovani
ამჟამად ბათუმში ავტობუსების პარკის განახლება მიმდინარეობს. ჯერჯერობით ეს ერთადერთი ქალაქია საქართველოში, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობენ.