თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შესაძლო წარდგენა დადებითად შეაფასეს როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა გუშინ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ორ პარტიას შორის თანამშრომლობის საკითხი განიხილება. ამასთან, ცისკარიშვილმა არ გამორიცხა, რომ 2024 წლის არჩევნებზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ვაშაძის კანდიდატურაც იყოს განხილული.
ოპოზიციონერი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ვაშაძეს უზარმაზარი პოლიტიკური რესურსი აქვს, რაც დაკავშირებულია ძალიან სერიოზულ მიღწევებთან და რეფორმებთან იმ დროს, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.
„ვფიქრობ, რომ ერთობლივად ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი რეფორმის განხორციელება ხალხის საკეთილდღეოდ მომავალში. ამ ადამიანს აქვს დიდი პოლიტიკური რესურსი, რომელიც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის", – განაცხადა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი პოლიტსაბჭოს ან სამდივნოს ფორმატში ჯერ არ განხილულა.
„მხოლოდ მივესალმები, თუ გიორგი ვაშაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, რა ფორმალიზებული სახეც არ უნდა მიიღოს ამან, მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ვაშაძემ 2022 წლის სექტემბერში „დიდი ევროპული ოპოზიციური ერთობის“ შექმნის იდეა გამოთქვა. მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, თავის მხრივ, ახალი კოალიციის ფორმირების შემთხვევაში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პარტია კონსულტაციებს მართავს ყველა ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიასთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და რამდენიმე თვეში გამოჩნდება სურათი, ვისთან ერთად და როგორ მოემზადებიან 2024 წლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის.
„გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატობის საკითხი არ დამდგარა არცერთ კონსულტაციაზე, არცერთ პარტიასთან, რადგან ჯერ ისიც არ არის ცნობილი, რა სახის ერთობა იქნება. ეს თუ არ გაირკვა, სხვა თემაზე საუბარი არასერიოზული იქნება“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.
თავის დროზე გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. ვაშაძემ ეს პარტია საქართველოში ხელისუფლების შეცვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 2016 წლის მაისში დატოვა და საკუთარი პოლიტიკური ძალა დააფუძნა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ პრემიერობის საუკეთესო კანდიდატი ვაშაძე იქნება, რადგან ის ზუსტად გამოხატავს ამ პარტიის იდეოლოგიას, მდგომარეობას და მომავალს.
„ეს დაეხმარება საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აუტსაიდერებში გადაიყვანოს. ამასთან, ოპოზიციაში გზა მისცეს ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც პასუხისგებლიანები არიან, დადიან პარლამენტში და კანონპროექტებზე მაინც მუშაობენ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნული ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.