სტიქიამ გურიის სამი მუნიციპალიტეტი დააზარალა

ბოლო პერიოდში ძლიერი წვიმის გამო საქართველოს არაერთი ქალაქი და სოფელი დაზარალდა.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ძლიერმა წვიმამ ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები დააზარალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გურიის რეგიონში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, გზები, ხიდები და ელექტროგადამცემი ხაზები. დატბორილია ნათესები. ზოგან ადგილი ჰქონდა მეწყრულ პროცესებსაც.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის დავით შარაშიძის განცხადებით, ორდღიანი უხვი ნალექის შემდეგ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საგრძნობი ზიანი მიადგა.

„დაიტბორა როგორც ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ასევე უმეტესი სოფლები. ადიდებული მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან და დატბორა ოჯახების ეზოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და რამდენიმე კომერციული ფართი”, – აღნიშნა დავით შარაშიძემ.

გარდა ამისა, ელექტროენერგია შეუწყდა რამდენიმე სოფელს, თუმცა, მერის თქმით, კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტექნიკოსების ჯგუფმა ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღადგინა.
როდის გამოიდარებს საქართველოში >>
დავით შარაშიძის განცხადებით, მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები სტიქიის ზონაში პრობლემების აღმოსაფხვრელად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.
„მობილიზებული იყო მერიის შესაბამისი სამსახურები, სოფლების ხელმძღვანელი პირები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და შესაბამისი ტექნიკით ვებრძოდით სტიქიას. დღეს უკვე მდგომარეობა ნორმალურია“, – განაცხადა დავით შარაშიძემ.
სტიქიამ პრობლემები შექმნა ასევე სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში. შეფერხებით მუშაობდა ქუთაისის აეროპორტიც.