თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. 2025 წელს ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი სამი სახის საიუბილეო საკოლექციო მონეტას გამოუშვებს.
1995 წლის 25 სექტემბერს მიმოქცევაში გაეშვა საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ლარი გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მანამდე მიმოქცევაში იყო კუპონი და რუსული რუბლი.
იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „5 ლარის“ ნომინალის 28, 38,61 და 25 მმ დიამეტრის სამი საკოლექციო მონეტის - სპილენძ-ნიკელის, ვერცხლის და ოქროს - ესკიზების შერჩევის მიზნით კონკურსი გამოაცხადა. ამასთან, ვერცხლის მონეტა ფერად ელემენტებს უნდა შეიცავდეს.
ნამუშევრების მიღება 2023 წლის 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სამივე შემადგენლობის მქონე მონეტისთვის გათვალისწინებული უნდა იქნეს ერთნაირი დიზაინი, ესკიზებს თან უნდა ერთვოდეს მონეტების აღწერილობის ტექსტი და დიზაინის შინაარსის დეტალური და მკაფიო განმარტება.
კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 3 განსხვავებული ესკიზი.
წყარო - ეროვნული ბანკი