თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ყაზახეთისა და აზერბაიჯანის წამყვანმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორებმა ხელი მოაწერეს აქციონერთა შეთანხმებას ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ კასპიის ზღვის ფსკერზე ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირგაბმულობის ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
მათი ინფორმაციით, ეს ხაზი მასშტაბური პროექტის - „ციფრული აბრეშუმის გზის" (Digital Silk Way) ნაწილი გახდება, რაც ითვალისწინებს ევროპასა და აზიას შორის ახალი ციფრული სატელეკომუნიკაციო დერეფნის შექმნას.
ამ დროისათვის მხარეებმა უკვე შეიმუშავეს მომავალი წყალქვეშა ხაზის მაღალი დონის დიზაინი HLD (high-level design), დამტკიცებულია პროექტის რეალიზაციის საგზაო რუკა. ხელმოწერილი დოკუმენტი განსაზღვრავს მხარეთა მოქმედებებს მისი რეალიზაციის ფარგლებში.