თბილისი, 10 მაისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოს ელჩის თბილისში გამოშვების თაობაზე იყო მოულოდნელი და გასაკვირი ბევრი უკრაინელი დიპლომატისთვის, განაცხადა საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა.
ზაქარაშვილმა ქვეყანა 6 ივლისს დატოვა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის საგარეო უწყებამ პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით ქართველ დიპლომატთან მტკიცე პროტესტი გამოთქვა პატიმარ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ელჩს თბილისთან კონსულტაციებისთვის ქვეყნის 48 საათში დატოვება შესთავაზეს.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უნდა აღასრულონ თავიანთი პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ამიტომაც დააფიქსირეს პოზიცია, რომელიც მათ პრეზიდენტმა დაავალა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრმა კოლეგამ, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, კერძო საუბარში აღნიშნა, რომ მათთვის ეს საკმაოდ გასაკვირი იყო“, – განაცხადა ზაქარაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
დიპლომატიურ პრაქტიკაში თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია, როდესაც ელჩს სთხოვენ კონსულტაციისთვის დედაქალაქში გამგზავრებას, მით უმეტეს, ასეთი თითიდან გამოწოვილი მოთხოვნით, აღნიშნა ზაქარაშვილმა.
კითხვაზე, ბოლო პერიოდში უკრაინის საგარეო უწყების მხრიდან სააკაშვილის საქმეზე იყო თუ არა მაღალი ინტერესი, ზაქარაშვილმა უპასუხა, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, რადგან უკრაინულ მხარეს აღნიშნულ საკითხზე სრული ინფორმაცია ჰქონდა.
დიპლომატის თქმით, შეხვედრებზე პერიოდულად ისმებოდა სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვა, რაზეც მათ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებოდათ როგორც მისი მდგომარეობის, ისე იურიდიული სტატუსის შესახებ.
„იმაზე საუბარი, რომ ინფორმაცია ვინმეს არ ჰქონდა და რაიმე ახალი გაიგეს გასულ კვირას, ჩემი აზრით, სინამდვილეს არ შეესაბამება“, – დასძინა ელჩმა.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, უკრაინულ მხარეს არ გაუკეთებია კომენტარი, როდესაც მათ შეახსენეს, რომ საელჩოს არ დაუტოვებია კიევი იმ დროსაც კი, როდესაც ბევრმა სხვამ დატოვა დედაქალაქი. ზაქარაშვილის მოსაზრებით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინულ მხარეს დამატებითი არგუმენტები არ ჰქონდა.
„კერძოდ, ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ძირს უთხრის ქვეყნებს შორის ურთიერთობებს და რომ ეს უსამართლოა მეგობარი და სტრატეგიული ქვეყნის მიმართ, ის, რომ მათ დაივიწყეს ის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, რომელიც საქართველომ აღმოუჩინა უკრაინას, ამაზე კომენტარი არ იყო“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.
ამასთან, ელჩმა მადლობა გადაუხადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ყველა თანამშრომელს და აღნიშნა, რომ მუშაობას თბილისიდან გააგრძელებს.
„პირველ ყოვლისა, საელჩო აგრძელებს მუშაობას. ვერ ვიტყვი, რომ ჩვეულ რეჟიმში, მაგრამ მუშაობას გააგრძელებს. ვეცდები, რომ მუშაობის პროცესს თბილისიდან ვუხელმძღვანელო", – განაცხადა ელჩმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „შეწყვიტოს სააკაშვილის შეურაცხყოფა“ და გადასცეს ის უკრაინას, რომლის მოქალაქეც არის ექს-პრეზიდენტი.
ზელენსკიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მასმედიაში სასამართლო პროცესის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი საქმის განხილვისას საავადმყოფოს პალატიდან პირდაპირი ჩართვა მოეწყო. ექს-პრეზიდენტმა ვიდეოჩართვისას მაისური აიწია, ყველას აჩვენა თავისი გამხდარი სხეული და მთავრობას მოსთხოვა, ბოდიში მოიხადოს მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანის გამო.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის იუსტიციის სამინისტრო, კატეგორიულად უარყოფს სააკაშვილის დაცინვის ფაქტებს. იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა და ექიმების რეკომენდაციებს დღემდე არ ასრულებს, ხელისუფლება კი მის სამკურნალოდ ყველაფერს აკეთებს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
საქართველოს და უკრაინის ურთიერთობები
საქართველოსა და უკრაინას შორის 2020 წელს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო, მეტიც, სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს.
საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.
ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით უკრაინამ სანქციების ქვეშ მყოფთა სიაში შეიყვანა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, ახლახან კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.
გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. საქართველოში უკრაინის ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა.