საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის მონაწილეები საქართველოს ეცნობიან

ფორუმის მიზანია საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, კონგრესების ჩატარება.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის m&i მონაწილეებისთვის ინფოტური გამართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფორუმის მონაწილე 60-მდე საერთაშორისო გაყიდვების კომპანიის წარმომადგენელი თბილისს, უფლისციხეს, ბორჯომს, მცხეთას, წინანდალს, ყვარელსა და ლოპოტას ეწვია.
ტურის მონაწილეებმა სამცხე-ჯავახეთში ჯომარდობაში მიიღეს მონაწილეობა, კახეთში კი მარნებს ესტუმრნენ, სადაც ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
„საქართველო უსაფრთხო და მწვანე ქვეყანაა, რომელსაც ბევრი რამ შეუძლია შესთავაზოს როგორც ფრანგებს, ასევე დანარჩენ ევროპელებს. საქმიანი ტურიზმი ტურისტული აქტივობის გაგრძელებაა, პირველ მოგზაურობას მოჰყვება ჯგუფური ტურები, საქმიანი შეხვედრები, ეს არის ბიზნესი, რომელიც დაკავშირებულია სასტუმრო ქსელებთან, კვების ობიექტებთან, ავიაციასთან, რომელიც თქვენს ქვეყანაში ვითარდება“, - აცხადებს ფორუმის მონაწილე დანიელ ვერსაჩე.
ფორუმის მიზანია საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, კონგრესების ჩატარება.
ფორუმის ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროა, რომელიც ყოველწლიურად მონაწილეობს m&i forums-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
ფორუმებში მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები არიან წარმოდგენილები.