თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. 2023 წლის იანვრიდან დღემდე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, კლინიკების მიერ მოქალაქეებისთვის მიწოდებული სერვისი სახელმწიფომ 524 მილიონი ლარით დააფინანსა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან შემოიღო კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც იანგარიშება მკურნალობის საბაზისო ტარიფები. საუბარია საერთაშორისო სისტემაზე DRG (Diagnostic Related Group).
შესაბამისი რეგულაციებით დადგენილი გადახდის ვადების გათვალისწინებით, დღევანდელი მონაცემებით, კლინიკების მიმართ სამინისტროს დავალიანება არ აღინიშნება, განაცხადეს სამინისტროში.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კლინიკის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების სრული ვადა განსაზღვრულია, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან 73 სამუშაო დღით.
შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწოდებული, იანვარ-თებერვლის მონაცემები უკვე დამუშავებულია და კლინიკები მიერ გაწეული ხარჯები სრულად არის დაფარული. ასევე, ავანსის სახით, გაცემულია მარტის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების თანხა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რა არის DRG?
DRG–სისტემა (Diagnostic Related Group) ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები". ესაა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ფასწარმოქმნის სისტემა, რომელიც მკურნალობის ცალკეული შემთხვევისთვის გარკვეულ, ფიქსირებულ თანხაში გამოიხატება.
თუ აქამდე საქართველოში არსებული კლინიკები, ვთქვათ, აპენდიციტის ოპერაციისთვის სხვადასხვა ფასს სთავაზობდნენ პაციენტებს, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ აღნიშნული ოპერაციის საფასური ყველა საავადმყოფოში ერთნაირი ხდება. ჯანდაცვის სამინისტრო ახალი სისტემის დანერგვას მკაცრად გააკონტროლებს და კლინიკებს არ ექნებათ პაციენტებისთვის დამატებითი თანხების მოთხოვნის მოტივაცია.