ძალადობა უნდა შეწყდეს: პრეზიდენტი ლგბტ-თემის ფესტივალის ჩაშლას გამოეხმაურა

ფესტივალი, რომელიც ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა იმის გამო, რომ ფესტივალის ასობით აგრესიულმა მოწინააღმდეგემ პოლიციის კორდონები გაარღვია
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს ძალადობის ფაქტები, ხოლო მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ - შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება.
ფესტივალი, რომელიც ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა იმის გამო, რომ ფესტივალის ასობით აგრესიულმა მოწინააღმდეგემ პოლიციის კორდონები გაარღვია და სამართალდამცავები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, იძულებული გახდნენ მონაწილეების და ორგანიზატორების ევაკუაცია მოეხდინათ. აქციის მონაწილეთა ნაწილი იყო შეირაღებული სხვადასხვა საგნებით, მათ შორის კეტებით, ლგბტ-თემის და ჟურნალისტებს მიმართ უცენზურო გამონათქვამებს იყენებდა, უწევდა წინააღმდეგობას პოლიციას.

„მინდა დღეს მოვუწოდო პირველ რიგში შსს-ს, რომ რეალურად აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები. ეს არის მისი მოვალეობა და ამას ქვია სამართლის დაცვა. მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან საგანგაშო უწოდა იმ ფაქტს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები კონტრაქციას სოციალურ ქსელებში უჭერდნენ მხარს.
„რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებითა და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობასა და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგებზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამავე დროს პრეზიდენტმა პოლიციის ქმედებები დაგმო.

„შეკრების უფლების დაცვა სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას. ვითომცდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება – ამ ფორმითა და ამ მოტივით შეგვიძლია წარმოვიდგონოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმაც და შინაარსიც არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ჩაიშლება, თუკი სამართალდამცველები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედებს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ღონისძიების ჩაშლის მთავარია მიზეზია ამ რაოდენობის კონტრაქციის მონაწილეების პირობებში ღია სივრცეში ღონისძიების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან რთული იქნებოდა.
იმავდროულად, ფესტივალის ორგანიზატორებმა პოლიცია უსაფრთხოების არასაკმარის ზომებში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ თვითონ მისცა შესაძლებლობა კონტრაქციის მონაწილეებს, ფესტივალის ჩატარების ადგილამდე შეუფერხებლად მისულიყვნენ.

მოვლენების ქრონოლოგია

ლგბტ თემის უფლებების დამცველთა ღონისძიებას ნეგატიურად აღიქვამს საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი. ნებისმიერ მცდელობას, ჩატარდეს ღია ღონისძიება, კონტრაქციები და დაპირისპირებები სდევს თან.
ფესტივალის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ე.წ. ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს და მისი ნამდვილი მიზანი არის არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ კულტურული კოდის შეცვლა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვა.
შსს კი გარანტიებს იძლეოდა, რომ კვირეულის ბოლო ღონისძიების ჩატარებას უზრუნველყოფდა. ღონისძიების უსაფრთხოების გარანტიას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ითხოვდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების გამო სახელმწიფოს უკვე რამდენჯერმე დაავალა კომპენსაციის გადახდა ასეთ დაპირისპირებაში დაშავებული პირებისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 30 ივნისს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ აუცილებელია ლგბტ საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყება და გარკვევა, რა არის მისაღები და რა მიუღებელი ქვეყნისთვის. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% ემხრობა ქრისტიანულ ღირებულებებს და ოჯახის ინსტიტუტს, ამიტომაც საკითხი დარეგულირებას საჭიროებს.