თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. პოლიციელებმა გაართვეს თავი დაკისრებულ ამოცანას და არ დაუშვეს ძალადობა ადამიანებზე „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ფესტივალი, რომელიც ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა იმის გამო, რომ ფესტივალის ასობით აგრესიულმა მოწინააღმდეგემ პოლიციის კორდონები გაარღვია და სამართალდამცავები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, იძულებული გახდნენ მონაწილეების ევაკუაცია მოეხდინათ.
„თავისთავად, ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ, პოლიციამ ამ მხრივ კარგად გაართვა თავი თავის ამოცანებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან მან დადებითად შეაფასა პოლიციის მუშაობა, რომელიც მან გაწია ფესტივალის მონაწილეებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„პოლიციამ სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება როგორც მონაწილეების, ასევე ჟურნალისტების მიმართაც თუ იყო გამოხატული აგრესია, როგორც ვიცი, პოლიცია ყველგან ჩაერია და უზრუნველყო ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ პოლიცია თავად იღებდა გადაწყვეტილებას უსაფრთხოების ზომებისა და საჭირო მოქმედებების შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ღონისძიების ჩაშლის მთავარია მიზეზია ამ რაოდენობის კონტრაქციის მონაწილეების პირობებში ღია სივრცეში ღონისძიების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან რთული იქნებოდა.
იმავდროულად, ფესტივალის ორგანიზატორებმა პოლიცია უსაფრთხოების არასაკმარის ზომებში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ თვითონ მისცა შესაძლებლობა კონტრაქციის მონაწილეებს, ფესტივალის ჩატარების ადგილამდე თავისუფლად მისულიყვნენ.
მოვლენების ქრონოლოგია
ლგბტ თემის უფლებების დამცველთა ღონისძიებას ნეგატიურად აღიქვამს საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი. ნებისმიერ მცდელობას, ჩატარდეს ღია ღონისძიება, კონტრაქციები და დაპირისპირებები სდევს თან.
ფესტივალის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ე.წ. ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს და მისი ნამდვილი მიზანი არის არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ კულტურული კოდის შეცვლა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვა.
შსს კი გარანტიებს იძლეოდა, რომ კვირეულის ბოლო ღონისძიების ჩატარებას უზრუნველყოფდა. ღონისძიების უსაფრთხოების გარანტიას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ითხოვდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების გამო სახელმწიფოს უკვე რამდენჯერმე დაავალა კომპენსაციის გადახდა ასეთ დაპირისპირებაში დაშავებული პირებისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 30 ივნისს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ აუცილებელია ლგბტ საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყება და გარკვევა, რა არის მისაღები და რა მიუღებელი ქვეყნისთვის. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% ემხრობა ქრისტიანულ ღირებულებებს და ოჯახის ინსტიტუტს, ამიტომაც საკითხი დარეგულირებას საჭიროებს.