თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. დადიანების სასახლიდან ჩამოტანილ 100-მდე არტეფაქტს ხელოვნების სასახლეში რესტავრაცია უტარდება, მათ შორის სამეგრელოს უკანაკნელი დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის პირად ნივთებს, რომელთა ასაკი მინიმუმ ორ საუკუნეს ითვლის.
სარესტავრაციო ნივთებს შორისაა სალომე მიურატისა და პრინც აშილ მიურატის პირადი ნივთები, ნიკოლოზ დადიანის უნიკალური პორტრეტი. ნივთების უმეტესი ნაწილი დაზიანებულია, ზოგიერთს კი არასათანადო შენახვის გამო ობი და სოკო გაუჩნდა.
„მე-19 საუკუნის ნივთებს იმ დროიდან დღემდე არავინ შეხებია, ექსპონატების მდგომარეობა მძიმე იყო. ნივთები დაზიანებული და მთლიანად ობით იყო დაფარული. დაწყებულია ხატების რესტავრაციაც, რომლებიც თავის დროზე დავით დადიანისა და დედოფალ ეკატერინეს სამლოცველოს ეკუთვნოდა. მოოქროვილი ფერწერული ფენების აღდგენას უკრაინელი რესტავრატორი ცდილობს“, – აღნიშნეს ხელოვნების სასახლეში.
ხელოვნების სასახლე რესტავრატორებთან ერთად სამ თვეზე მეტია მუშაობს, რათა მემორიალური ნივთები დადიანების სასახლეს დაუბრუნდეს და უკვე აღდგენილი სახით დამთვალიერებლისთვის პირველად გამოიფინოს.