ვაზიანში საარტილერიო წვრთნები დასრულდა

ორკვირიანი გეგმური სწავლების ფარგლებში ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონმა ვაზიანის პოლიგონზე საბრძოლო სროლებით მიმდინარე ორკვირიანი საველე წვრთნები დაასრულა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წვრთნების მიზანს ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და სხვადასხვა საბრძოლო ელემენტების კოორდინაცია და შერწყმა წარმოადგენდა.

„44-ე საარტილერიო ბატალიონმა ვაზიანის პოლიგონზე ჩაატარა ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე სწავლება თავისი საბრძოლო სროლებით. სწავლება მიზნად ისახავდა საცეცხლე ჯგუფების, ცეცხლის მართვის ცენტრისა და სადაზვერვო ჯგუფების კოორდინირებულ მუშაობას. საველე სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს", – განაცხადა მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა ირაკლი ბედიანაშვილმა.

ორკვირიანი გეგმური სწავლების ფარგლებში ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. საველე სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებს მხარს უჭერდნენ ქვეითთა სადაზვერვო ჯგუფები. დასკვნითი საველე სწავლებისას 44-ე საარტილერიო ბატალიონის ბატარეებმა წინასწარ განსაზღვრულ ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სწავლებას, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ის ჯორჯიის შტატის 118-ე საარტილერიო ბატალიონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.