თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიის თბილისში გამართვა პატივი და პრივილეგიაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სესიის მონაწილეებისადმი ფრანგულ ენაზე სიტყვით მიმართვისას.
ფრანკოფონიის საპარლამენტო სესია პირველად იმართება ქვეყანაში, სადაც ფრანგული ოფიციალური ენა არაა.
„ჩემთვის დიდი პრივილეგია და პატივია მივიღოთ საპარლამენტო ასამბელის სესია საქართველოში. საქართველოს, რომელიც წარმოდგენილია ამ არაჩვეულებრივ ასამბლეაში, აქვს დიდი ფრანკოფონული გამოცდილება", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ თავად სწავლობდა საფრანგეთში და ამიტომაც ფრანგული ენა მისთვის განსაკუთრებით ძვირფასია.
ღარიბაშვილის თქმით, ფრანკოფონია დააწესებს სპეციალურ პრიზს, რომელიც გადაეცემა ქართველებს, ვინც ქვეყანაში ფრანგული ენის პოპულარიზაციას გასწევს.
„პლეიადის ცნება, რომელიც შემოვა საქართველოში, ხელს შეუწყობს ფრანგულის ენის პოპულარიზაციას. თქვენ ნახავთ, რომ ქართველები გატაცებული არიან ფრანგული ენით, კულტურით, ლიტერატურით. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ბევრს კითხულობენ და ბევრი წიგნი ითარგმნება", – განაცხადა პრემიერმა.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრანკოფონია" 40-მდე ფრანგულენოვანი ქვეყნის გაერთიანებას წარმოადგენს. საქართველოს უკვე 20 წელია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლის სტატუსი აქვს და წლევანდელ სესიაზე ასოცირებულ წევრადაც აირჩევა.
ასამბლეა მუშაობს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ეს არის აქტიური პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია ფრანგული ენის პოპულარიზაციაზე მსოფლიოში.