არ შეიძინოთ საეჭვო წარმომავლობის ხორცი! სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში ტრიქინელოზის მეხუთე დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შეიძინონ საეჭვო წარმოშობის ხორცი. ამის შესახებ განცხადება სააგენტოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
როგორც უწყებაში განმარტეს, მათ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ.
ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას. ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს.
პაციენტი, რომელსაც ტრიქინელოზი დაუდგინდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. მისი თქმით, მან ხორცის ფარში ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში შეიძინა, თუმცა ზუსტ ადგილს ვერ აკონკრეტებს.
შეტყობინების მიღებისთანავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა განახორციელეს სახელმწიფო კონტროლი აღნიშნულ ბაზარში და ხორცის რეალიზატორები შეამოწმეს. მოკვლევა გრძელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინონ ხორცი არაორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც არ არის წარმოდგენილი ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი „ფორმა 2".
უწყების ცნობით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში ტრიქინელოზის უკვე ხუთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.