თბილისში მამაკაცმა ცოლს სახრახნისით 33 ჭრილობა მიაყენა: დამნაშავე დაკავებულია

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი წლების წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობას, ცოლი კი 6 თვის წინ მოიყვანა.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში 45 წლამდე მამაკაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა თბილისში, გლდანის რაიონში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი საკუთარ სახლში ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი სახრახნისით 33 ჭრილობა მიაყენა. ქალს ასევე აღენიშნება ჩაქუჩით მიყენებული ტრავმა თავის არეში.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, ადგილზე მისულ ეკიპაჟს დამნაშავეც ადგილზე დახვდა.
ამ დროისათვის 42 წლის ქალი თბილისის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მას ოთხი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.