საქართველო ძლიერი მოთამაშეა ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში - ევროჯასტი

ევროჯასტის პრიორიტეტია კომპლექსური ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურა არის ძლიერი მოთამაშე კომპლექსური ტრანსნაციონალური დანაშაულების გამოძიების საკითხში, ხოლო საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ყოფნა ევროჯასტში ადასტურებს დიდ პროგრესს ამ მიმართულებით, განაცხადა ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტმა ბოშტიან შკრლეცმა.
საქართველოს პროკურატურა ევროჯასტის მხარდაჭერით მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს სხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან, მათ შორის, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობასთან ბრძოლის კუთხით.

„საქართველოს პროკურატურა ძალიან ძლიერი მოთამაშეა კომპლექსური ტრანსნაციონალური დანაშაულების გამოძიების საკითხში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ყოფნა ევროჯასტში ახდენს იმ უდიდესი პროგრესის ილუსტრირებას, რომელიც ბოლო წლებში არის მიღწეული“, – განაცხადა შკრლეცმა ტელეარხ „რუსთავი2“-ის ეთერში.

გლობალურ დანაშაულთან ბრძოლაში საჭიროა გლობალურად მოქმედება და ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, როგორიც საქართველოა, აღნიშნა მან.
„ჩვენი პრიორიტეტი პირველ რიგში კომპლექსური ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების გამოძიებაა და საქართველოს წვლილი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. ორგანიზებული დანაშაულების ქსელი ძალიან კომპლექსურია და ჩვენ მათ წინააღმდეგ მარტო ვერ ვიბრძოლებთ, რადგან დანაშაულის ფარგლები არ ჩერდება ევროკავშირის საზღვრებთან“, – განაცხადა შკრლეცმა.
ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, უწყება არ კარნახობს არცერთი ქვეყნის ხელისუფლებას, თუ როგორ აწარმოონ გამოძიება, ის მხოლოდ მხარს უჭერს მათ ამ პროცესში.
ევროჯასტი არის ევროკავშირის სააგენტო, რომელსაც აქვს კავშირი სასამართლო ორგანოებთან. ევროჯასტში ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნიდან შედიან ანალოგიური უფლებამოსილების მქონე პროკურორები, მოსამართლეები ან პოლიციის თანამშრომლები.
ევროჯასტის მისიაა აამაღლოს ეროვნული ხელისუფლებების ეფექტურობა ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.