დიპლომატიური სკანდალი: ალეკო ელისაშვილმა ზელენსკი გააკრიტიკა

დეპუტატის თქმით, ამ გადაწყვეტილებამ მას იმედები გაუცრუა.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის სამშობლოში დააბრუნოს, მიუღებელია, განაცხადა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა.
ზელენსკიმ 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში და გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მტკიცე პროტესტი. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადასცეს მათ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რათა მას უმკურნალონ. სამშაბათს ქართველ დიპლომატს უკრაინის დატოვება შესთავაზეს თბილისთან კონსულტაციებისთვის.

„ძალიან მიუღებელია ჩემთვის ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით. დიპლომატიურ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ ამის მერე ომი იწყება ხოლმე. იმედია, ჩვენსა და უკრაინას შორის ომი არ დაიწყება", – განაცხადა ელისაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ეს გადაწყვეტილება მისთვის ძალიან გულდასაწყვეტი და გაუგებარია.
„ჩემთვის გაუგებარია, რას ემსახურებოდა ეს, მით უფრო, როდესაც მაგიდაზე დევს სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც სიტყვა სიტყვით წერია, რომ არანაირი წამება სააკაშვილთან მიმართებით გამოყენებული არ არის", – განაცხადა ელისაშვილმა.
ოპოზიცია მრავალი თვე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი პატიმრობაში წამების მსხვერპლია, მაგრამ 2023 წლის მაისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ექს-პრეზიდენტს მკურნალობისთვის საზღვარგარეთ გადაყვანაზე უარი უთხრა.
ზელენსკი მორალურ საზღვრებს გასცდა - პაპუაშვილი>>
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.