თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდ დიღომში 12 წლის გოგონას ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანა იანუშაიტიტე დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, სკვერში 17 მარტის ღამით გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია მისი დაკარგვის შესახებ, პოლიციამ ძალადობრივი სიკვდილის ნიშნების არსებობის გამო სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საპროკურორო სამმართველოს პროკურორის მოხსენებითი ბარათი. უწყების ცნობით, გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 21 მარტს კომპლექსური, მათ შორის სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა და გამოსაკვლევად ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული მასალები გადაიგზავნა.
პროკურატურის ცნობით, ბიოლოგიური ექსპერტიზის კვლევის ჩასატარებლად ექსპერტის მიერ შესაბამისი წესით დალუქული ფუთები გაიხსნა, რომლებშიც მოთავსებული იყო ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუში და ანაწმენდები.
„ფუთების გახსნისას აღმოჩნდა, რომ, სავარაუდოდ, შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
პროკურატურის განცხადებას წინ უძღოდა დღეს, 5 ივლისს ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ განცხადება, რომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია.
წყარო - პროკურატურა