ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის სასამართლოზე ჩართვა კუჭის რეზექციის რეკლამაა
სააკაშვილის ადვოკატმა ილია ლომიამ 2022 წლის დეკემბერში დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კუჭის ოპერაცია 2021 წელს, სამშობლოში დაბრუნებამდე ჩაიტარა.
Sputnikთბილისი, 5 ივლისი — Sputnik. სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩართვა კუჭის რეზექციის რეკლამა იყო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
3 ივლისს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სააკაშვილმა დისტანციურად მიიღო მონაწილეობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაში, რომელიც 2007 წელს აქციის დარბევის საქმეს ეხებოდა. მან გამოაჩინა თავისი გამხდარი სხეული და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ბოდიში მოეხადათ მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანისთვის.
„გუშინ რაც ვნახე, ეს არის რეზექციის რეკლამა, ერთი ეს არის კუჭის რეზექციის რეკლამა და, მეორე, ოჯახის წევრებს მასთან შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები", – განაცხადა კობახიძემ.
სააკაშვილის ადვოკატმა ილია ლომიამ 2022 წლის დეკემბერში დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კუჭის ოპერაცია 2021 წელს, სამშობლოში დაბრუნებამდე ჩაიტარა. მანამდე კუჭის რეზექციის გაკეთების შესახებ განაცხადეს მმართველ პარტიაშიც. მათი ინფორმაციით, სააკაშვილის ოპერაცია 2021 წლის 23 სექტემბერს ჰოლანდიაში ჩატარდა.
კობახიძის თქმით, სააკაშვილის ოჯახის წევრებს, მათ შორის ექს-პრეზიდენტის დედას გიული ალასანიას, მასთან დაბალკალორიული საკვები მიაქვთ.
კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა, სადაც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან მკურნალობის კურსს გადის, არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილის სტაბილურად მძიმე მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ ის არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს, რომლებიც საკვების კალორიულობას ეხება. სააკაშვილს მკურნალობენ კახექსიაზე, რომელიც არასაკმარისი კვებით არის გამოწვეული.
კობახიძის თქმით, 600 დღის განმავლობაში საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა.
„სააკაშვილის გარემოცვამ 600 დღე დაგვტანჯა, საზოგადოება დატანჯეს, ჩვენ მიჩვეული ვართ. 600 დღე ვითომ სააკაშვილი კვდებოდა და საბოლოო ჯამში სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გადაწყვიტა სააკაშვილმაც, რომ აღარ უნდა კვდებოდეს ყოველდღე", – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ამაში ევროპარლამენტის დეპუტატებიც მონაწილეობდნენ.
მრავალი თვის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი აცხადებდა, რომ სააკაშვილი პატიმრობაში წამების მსხვერპლი იყო, მაგრამ 2023 წლის მაისში სტრასბურგის სასამართლომ უარი თქვა ექს-პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე. ივნისის შუა რიცხვებში სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, აპირებს ძალიან აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში, პარალელურად კი უკრაინის პოლიტიკაში. გარდა ამისა, როგორც მსჯავრდებულმა აღნიშნა, იგი აპირებს დაესწროს მის ყველა სასამართლო სხდომას, როდესაც მას ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ევროდეპუტატების შეფასებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირმა საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებს დახურულ შეხვედრებზე უთხრა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატების მოსაზრებებს არ მოუსმინონ, რადგან ისინი არ იღებენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას.
„კონკრეტული მაღალი რანგის წარმომადგენლები რომ გვხვდებიან ჩვენ ევროკომისიიდან, გვეუბნებიან, რომ ყურადღება არ მივაქციოთ ევროპარლამენტარებს. ევროპარლამენტარებს ნუ უსმენთ, მათი შეფასებები არ არის მნიშვნელოვანი, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მათ შეფასებებს არ ექნება გავლენა კანდიდატის სტატუსზეო. საუბარია ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენელზე, ვისაც განსაკუთრებული სიტყვა ეთქმის", – განაცხადა კობახიძემ.
სააკაშვილის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.