თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა და მიიღო ცვლილებები ფულის გათეთრების თავიდან ასაცილებლად კონტროლის გასაძლიერებლად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის 12 პირობის შესრულების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე.
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან რიგით მეექვსეა. ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით ნაწილობრივი პროგრესია მიღწეული.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წლის დეკემბერში ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. განაცხადები სამმა ქვეყანამ თითქმის ერთდროულად შეიტანა, მაგრამ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ
რეკომენდაცია: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება საფრთხის დეტალური შეფასების საფუძველზე, კერძოდ, საფუძვლიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ჩატარებით, დევნისა და გამამტყუნებელი განაჩენების მიმართ ნდობის მოპოვებით; სამართალდამცველი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის გარანტიის უზრუნველყოფა.
რა გაკეთდა: პარლამენტმა დაამტკიცა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა და შეიტანა ცვლილებები კანონში „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“.
სამოქმედო გეგმა მოიცავს მთელ რიგ სფეროებს. ეს არის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, აქ იგულისხმება, მათ შორის, კანონიერი ქურდები, ქურდული სამყაროს წევრები და მათი მხარდამჭერები; კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. სამოქმედო გეგმა ასევე მოიცავს ბრძოლას ტრეფიკინგის წინააღმდეგ, ბრძოლას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ და ბრძოლას ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ, განაცხადა კობახიძემ.
ასევე შემუშავდა ახალი „პენიტენციური კოდექსი“ ევროპული სტანდარტების შესაბამისად. საუბარია პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანაზე, ასევე მისი დასახელების შეცვლაზე ახლით – „პენიტენციური კოდექსი“.
კანონპროექტი ითვალისწინებს სასჯელაღსრულების სისტემას, ის შეეხება როგორც თანამშრომლებს, ისე მსჯავრდებულებს. „პენიტენციური კოდექსი“ ჯერ პირველი მოსმენით არის მიღებული.
ამას გარდა, შევიდა ცვლილებები „ფულის გათეთრების შესახებ“ კანონში „მანივალის“ (ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი - Moneyval) რეკომენდაციების შესასრულებლად.
2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის მაისამდე კანონში შევიდა ხუთი ცვლილება, მათ შორის ფულის გათეთრების რისკების შემოწმების გაძლიერებისა და მიკრობანკებზე კანონის მოქმედების გავრცელების შესახებ.