თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმირ კოლოკოლცევს რუსეთში სავიზო რეჟიმის დარღვევით მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ამნისტირების თხოვნით მიმართა.
„გთხოვთ განიხილოთ ამნისტიის შესაძლებლობა, რათა მოქალაქეებს, რომლებმაც დაარღვიეს სავიზო რეჟიმი, მიეცეთ დეპორტაციის გარეშე ქვეყნის დატოვების საშუალება, რათა მათ კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა დაბრუნდნენ რუსეთის ფედერაციაში“, – ნათქვამია მიმართვაში.
ხოლო რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრ ვიტალი საველიევისადმი გაგზავნილ წერილში დავით ცეცხლაძე ითხოვს უწყებამ შეისწავლოს სიტუაცია და შეამოწმოს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების ღირებულების დასაბუთების კანონიერება.
დავით ცეცხლაძემ ასევე მიმართა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემდგომი დასაქმების მიზნით საპატენტო სისტემის შექმნის და ახალი სატრანსპორტო მარშრუტების გახსნის თხოვნით.
აღნიშნული მოთხოვნები ასევე გაეგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.