სტიქიამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დააზარალა

სოფელ ვაჩიანში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, წაქცეულია ელექტროგაყვანილობის ბოძები.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფელ ვაჩიანის მოსახლეობა დააზარალა, იუწყება ადგილობრივი მედია.
ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა 20-მდე საცხოვრებელი სახლი, ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები და წააქცია ელექტროგაყვანილობის ბოძები.
„დაზიანებულ მონაკვეთებზე შესაბამისი ჯგუფები უკვე მუშაობენ და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღუდგება. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აღნიშნავენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
უწყების ცნობით, ვითარებას ადგილზე ეცნობიან და დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, პირველი მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
„ზარალის დათვლას შესაბამისი კომისია გამოდარებისთანავე დაიწყებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს სტიქია იყო ასპინძის მუნიციპალიტეტშიც. დაბა ასპინძაში მოსულმა ძლიერი სეტყვამ ნათესები დააზიანა.