თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა ანტიკორუფციული ბიურო, სადაც თავმოყრილია კორუფციასთან ბრძოლის ყველა ძირითადი ფუნქცია, და ასევე გააძლიერა სამსახური, რომელიც თანამდებობის პირთა და სამართალდამცველთა დანაშაულებს იძიებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის 12 პირობის შესრულების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე.
კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის 12 რეკომენდაციებს შორის რიგით მეოთხეა. ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ივნისის ბოლოს გამოქვეყნდა, საქართველომ ეს პუნქტი ნაწილობრივ შეასრულა. ევროკომისიამ მოუწოდა ხელისუფლებას უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის დამოუკიდებლობა.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წლის დეკემბერში ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. განაცხადები სამივე ქვეყანამ თითქმის ერთდროულად შეიტანა, მაგრამ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
ანტიკორუფციული ბიურო
რეკომენდაცია: გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა და მასში ყველა ძირითადი ანტიკორუფციული ფუნქციის თავმოყრა, კერძოს მაღალ ეშელონებში არსებული კორუფციული საქმეების შესწავლისთვის.
რა გაკეთდა: შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის ყველა ძირითად ფუნქციას აერთიანებს. ბიუროს ხელმძღვანელი შეირჩა გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე.
საქართველოს პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ ცვლილებები 2022 წლის 30 ნოემბერს მიიღო.
„ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ამ ბიუროში ძირითადი ფუნქციების თავმოყრა, რაც დაკავშირებულია კორუფციასთან ბრძოლასთან და ასეც გაკეთდა“, - განაცხადა კობახიძემ.
ანტიკორუფციული ბიურო ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება და გადაჭრა, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი, მოწმეების დაცვა, პარტიების დაფინანსების მონიტორინგი, აგრეთვე ანტიკორუფციული პოლიტიკის ზედამხედველობა და კოორდინაცია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი შეირჩა და დაინიშნა გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე. სპეციალურმა საკონკურსო კომისიამ მოიწონა რაჟდენ კუპრაშვილის კანდიდატურა და ამის შემდეგ ის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა დაამტკიცა.
საკონკურსო კომისიაში, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების გარდა, შედიოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, სახალხო დამცველი მოვალეობის შემსრულებელი და სახალხო დამცველის მიერ შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა კუპრაშვილის კანდიდატურა მოიწონა.
ორი ახალი სამსახური
რეკომენდაცია: ორი ახალი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური - აღიჭურვოს მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და უზრუნველყოფილ იქნას მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.
რა გაკეთდა: საკანონმდებლო დონეზე გაძლიერდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობები.
თითქმის გაორმაგდა ორივე სამსახურის ბიუჯეტი და ადამიანური რესურსი. გაფართოვდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებები და იურისდიქცია. ასევე გაძლიერდა სამსახურების თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიები. ორივე სამსახურის ანგარიშვალდებულების ხარისხი გაიზარდა, განაცხადა კობახიძემ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა. ახალი სტრუქტურები 2022 წლის 1 მარტს ამუშავდა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის ინიციატივა ინტერესთა კონფლიქტით ახსნეს, როდესაც ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია პერსონალური მონაცემების დაცვაზე და საგამოძიებო ორგანოებიდან ამ მონაცემების გაჟონვაზე, თვითონვე არის ასეთი საგამოძიებო ორგანო.
ორი ახალი სტრუქტურის შექმნის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, თანამდებობის პირების ან თანამდებობის პირების ეკვივალენტური პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების მიუკერძოებელი, მრავალმხრივი და ობიექტური გამოძიების უზრუნველყოფა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრეროგატივაა.
ორი ახალი სტრუქტურის შექმნის შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრეროგატივა არის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, თანამდებობის პირების ან მათთან გათანაბრებული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების მიუკერძოებელი, მრავალმხრივი და ობიექტური გამოძიების უზრუნველყოფა.