თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომსახურების შეთავაზების კუთხით ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს – საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე m&i Summer 2023 სპეციალური ჯილდო ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს გადაეცა.
ფორუმზე, რომელსაც ამ დღეებში ოსლომ უმასპინძლა, წარმოდგენილი იყო საერთაშორისო კომპანიები, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 320 ღონისძიება დაუკვეთეს.
„საქართველო მსოფლიოს საქმიანი ტურიზმის რუკაზე მყარად იმკვიდრებს თავს. ეს გამარჯვება ხელს უწყობს საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულების პოპულარიზაციას, მსხვილი ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციებისა და კონგრესების მოზიდვას საქართველოში", – ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმში მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველოში ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება MICE-ტურიზმი. აღნიშნული კონცეფცია მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:
meetings – კორპორატიული შეხვედრები, პრეზენტაციები, მოლაპარაკებები;
incentives – წამახალისებელი ან სამოტივაციო ტურები და პროგრამები, პერსონალის გადამზადება, კორპორატიული ღონისძიებები;
conferences – კონფერენციები, კონგრესები, ყრილობები, ფორუმები, სემინარები;
exhibitions – გამოფენები, საიმიჯო ღონისძიებები, ფესტივალები, საქველმოქმედო კონცერტები.