„დარჩენილი ორი თვე იქნება ცხელი" - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

სინოპტიკოსები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოში ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, პლუს 40 გრადუსს მიაღწიოს, განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ.
ნალექი ძირითადად ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი, თუმცა ცალკეულ ადგილებში შეიძლება ნორმას გადააჭარბოს.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დარჩენილი ორი თვე იქნება ცხელი, ერთი გრადუსით მაღალი ნორმაზე. ნალექების სურათი საკმაოდ ჭრელია – ზოგან ნორმაზე მეტი იქნება, ზოგან – ნაკლები", – განაცხადა ნიორაძემ.
სპეციალისტი აღმოსავლეთ საქართველოში არ გამორიცხავს სეტყვას.
ივნისი საქართველოში გრილი და წვიმიანი გამოდგა. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა – დაზიანდა გზები, შენობები, ინფრასტრუქტურა.