„საქართველოს რკინიგზამ“ 2022 წელი რეკორდული მოგებით დაასრულა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიის წმინდა მოგებამ 82,3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3,5-ჯერ აღემატება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზამ" 2022 წელი რეკორდული მოგებით – 396,7 მლნ ლარით დაასრულა, ხოლო წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 178,9 მლნ ლარი შეადგინა, იუწყება კომპანიის პრეს-სამსახური.
აქტივების გაუფასურებისა და ლარის დევალვაციის გამო 2016 წლის შემდეგ „საქართველოს რკინიგზა“ ზარალზე მუშაობდა. 2021 წელს, მიუხედავად პანდემიისა და სხვა გამოწვევებისა, კომპანიის ხელმძღვანელობამ შეძლო ნეგატიური ტენდენციის გარდატეხა და წელიწადის მოგებით დასრულება.
წმინდა ფინანსური შემოსავალი ძირითადად გაიზარდა 2021 წლის ევროობლიგაციების რეფინანსირების შედეგად საპროცენტო ხარჯების შემცირების, ასევე აშშ დოლარის მიმართ ლარის გამყარების გამო.
კომპანიის საოპერაციო შემოსავალი 23%-ით გაიზარდა და 674,8 მლნ ლარი შეადგინა. დადებითი მაჩვენებლები განპირობებულია გადაზიდვების რეკორდული და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდით, განაცხადეს კომპანიაში.
2022 წელს ტვირთების გადაზიდვებიდან შემოსავალმა 388,4 მლნ ლარი შეადგინა. 77%-ით გაიზარდა შემოსავალი ლოჯისტიკური მომსახურებიდან, რამაც კომპანიას 123,1 მლნ ლარი მოუტანა.
2022 წელს მგზავრთა გადაზიდვებიდან შემოსავალი, 2021 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 27,4 მლნ ლარი შეადგინა.
კომპანია აგრძელებს ლიკვიდურობის გაუმჯობესებას. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციის ბალანსზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების მოცულობამ 274,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს 62,4 მლნ ლარით აღემატება.
კომპანიამ ასევე გამოაქვეყნა 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემები: საანგარიშო პერიოდში წმინდა მოგებამ 82,3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3,5-ჯერ აღემატება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვაზე.
„საქართველოს რკინიგზა" „აღმოსავლეთი–დასავლეთის" სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს სარკინიგზო გზების საერთო სიგრძე 1.324 კილომეტრს შეადგენს. სისტემაში შედის 45 გვირაბი და 1.714 ხიდი, ასევე ბორნით გადაზიდვა.