თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიებაზე, რომლის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა, წარდგენილი იყო ქართული ღვინის რვა მწარმოებლის, მათ შორის, მცირე მარნების პროდუქცია.
სააგენტოს ცნობით, ფესტივალში მონაწილეობდნენ ისეთი მსხვილი ქსელური მარკეტებისა და ღვინის იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Makro Cash&Carry, Biedronka, Vininnova, Zasada Group, Food&Wine, Dom Wina და სხვ.
ღონისძიებას, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და პოლონური მარკეტინგული კომპანია Malinova-ს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა, 120-მდე პირი ესწრებოდა. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული ღვინის ტრადიციებსა და ისტორიას და გაესინჯათ გამოფენაზე წარდგენილი ქართული ღვინოები.
გამოფენას პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი დაესწრო.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება იმართება.